პალესტინელების არსენალი: რით ბომბავს „ჰამასი“ ისრაელის ქალაქებს?

ფოტო: AP Photo/Tsafrir Abayov
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარიდან მალევე, „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს. შექმნილ ვითარებაში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კითხვა, თუ რა არსენალი გააჩნიათ პალესტინელებს და რით ბომბავს „ჰამასი“ ისრაელის ქალაქებს. ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია.
იარაღის რა რესურსს ფლობს „ჰამასი“?
„ჰამასს“ აქვს საკმაოდ სოლიდური იარაღის არსენალი, რომლითაც შეუძლია ისრაელს თავს დაესხას. ტერორისტები საამისოდ სხვადასხვა ვარიანტს იყენებენ. თუმცა, პალესტინელების ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი უდავოდ არის სხვადასხვა ტიპის რაკეტები. ზოგიერთი მათგანი, სხვა იარაღთან ერთად, მაგალითად, რუსული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „კორნეტი“, რამდენიმე წლის წინ, სავარაუდოდ, ეგვიპტის ტერიტორიიდან გვირაბებით შეიტანეს.
თუმცა, „ჰამასი“რაკეტების დიდ ნაწილს თავადაც აწარმოებს. „ისლამურ ჯიჰადთან“ ერთად პალესტინელმა ტერორისტებმა ღაზას სექტორში შექმნეს მთელი საწარმოო კომპლექსი, რომელიც წლების განმავლობაში სწრაფად ვითარდებოდა და საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია. ისრაელელი და უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ კომპლექსის შექმნაში „ჰამასს“ ირანი ძალიან დაეხმარა.
რამდენი რაკეტა აქვთ პალესტინელებს, უცნობია და ზუსტი შეფასებაც - შეუძლებელი. სავარაუდოდ, ათასობით. გასაგებია, რომ ისრაელს ამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამას არ ასაჯაროებენ. როგორც ისრაელის არმიის სპიკერმა ერთხელ განაცხადა, მათი მონაცემებით, „ჰამასს“ ისრაელზე ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა „საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ შეუძლია.
პალესტინელებს სხვადასხვა ტიპის რაკეტები აქვთ. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ამ სწრაფად მზარდ არსენალში ახალი ან მოწინავე მოდელები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, დიაპაზონისა და სიმძლავრის გაზრდის მუხტი სულ უფრო აშკარა იყო. როგორც წესი, „ჰამასის“ რაკეტების უმეტესი ნაწილი, არის „ყასამის“ ტიპის, რომლის დიაპაზონიც 10 კმ-მდეა. ამასთანავე, ისინი იყენებენ „ქუდსს“ 16 კმ-მდე დიაპაზონით, „გრადის“ ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს 55 კმ-მდე დიაპაზონითა და „სეჯილ-55“-ს 55 კმ-მდე დიაპაზონით.
თუმცა, „ჰამასს“ უფრო დიდ მანძილზე გათვლილი რაკეტებიც აქვს. ესენია: M-75 - 75 კმ-მდე, „ფაჯირი“ - 100 კმ-მდე, R-160 - 120 კმ-მდე და რამდენიმე M-302 რაკეტა 200 კმ-მდე რადიუსით. „ჰამასს“ შეუძლია დაარტყას მთელ იერუსალიმსა და თელ-ავივს, ასევე - ისრაელის ყველა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ამას უკვე აკეთებს კიდეც.
როგორც წესი, „ჰამასის“ მიერ გასროლილი რაკეტების 90 პროცენტს ისრაელი „რკინის გუმბათის“ სისტემის მეშვეობით უმკლავდებოდა. თუმცა რამდენიმე წლის წინ ქალაქ აშკელონში "გუმბათის" ბატარეა ტექნიკური პრობლემების გამო მწყობრიდან გამოვიდა. შესაბამისად, ვერც „რკინის გუმბათი“ უზრუნველყოფს რაკეტებისგან სრულ დაცვას. ასეთ დროს ეფექტურია ანტისარაკეტო სისტემების განლაგება და იარაღის თუ რაკეტების საწყობებზე თავდასხმა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ღაზას სექტორი პალესტინელების ერთ-ერთი სუსტი წერტილია. ამ პაწაწინა ტერიტორიაზე მათ არ აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობის ძლიერი ზურგი და უკან დასახევი გზა. შესაბამისად, ისრაელს შეუძლია, სარაკეტო თავდასხმების ჩასახშობად სახმელეთო ოპერაცია წამოიწყოს. თუმცა, როგორც 2014 წელს ღაზას სექტორში ბოლო დიდმა შეჭრამ აჩვენა, ასეთი ქმედების ფასი ძალიან მაღალი იქნება. მაშინ დაიღუპა 2251 პალესტინელი, მათ შორის - 1462 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე - 67 ჯარისკაცი და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ისრაელის მხრიდან.





