ოთხდღიანი სამუშაო კვირა: გერმანია ექსპერიმენტისთვის ემზადება

ფოტო: Stefan Boness
გერმანიაში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის მასშტაბური პროექტი იწყება. მასში 50 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. განაცხადების მიღება 1 სექტემბერს დაიწყო, საპილოტე პროექტი კი 2024 წლის თებერვალში დაიწყება.
რა ხდება?
იმუშავე ერთი დღით ნაკლები და მიიღე იგივე ანაზღაურება - გერმანია სწორედ ასეთი მოდელის საცდელ ვერსიას იწყებს. რეგისტრაციისა და დაგეგმვის ეტაპის შემდეგ, რომელიც მონაწილეთა ინდივიდუალურ მომზადებას ითვალისწინებს, 2024 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით ახალი სამუშაო მოდელი გამოიცდება. ამას მოჰყვება მიღებული შედეგების მეცნიერული შეფასება, რომლის შეჯამებაც მომავალი წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Redaktionsnetzwerk Deutschland-ი (RND) საპილოტე პროექტის კოორდინატორზე, ბერლინში დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანია Intraprenör-ზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის სამეცნიერო მხარდაჭერასა და შეფასებას მიუნსტერის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
რა არის პროექტის მიზანი?
ამ ეტაპზე სამი კონცეფცია განიხილება. პირველი მოდელი კვირაში 4 სამუშაო დღე, რაც კვირის ჭრილში სამუშაო საათების შემცირებასა და ნაკლებ ხელფასს გულისხმობს. მეორე მოდელი ოთხდღიან სამუშაო კვირას, შესაბამისად, შემცირებულ სამუშაო საათებს, მაგრამ სრულ ანაზღაურებას გულისხმობს. ბოლო ვარიანტი კი არის ოთხდღიანი სამუშაო კვირა, კანონით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო საათებისა და სრული ხელფასის გათვალისწინებით. საპილოტე პროექტს მხარს უჭერს ორგანიზაცია 4 Day Week Global ახალი ზელანდიიდან, რომელმაც უკვე ჩაატარა მსგავსი კვლევები, მათ შორის - სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში.
გერმანიაში შერჩეული საცდელი მოდელი იმუშავებს 100-80-100 პრინციპით, რაც ხელფასის 100%-ს, სამუშაო საათების 80%-სა და პროდუქტიულობის 100%-ს გულისხმობს. ”ამ ინიციატივის მიზანი არის სამუშაო საათების რაოდენობის შემცირება და იმავე ხელფასის შენარჩუნება,” - განუცხადა სააგენტო RND-ს საკონსულტაციო კომპანია Intraprenör-ის წარმომადგენელმა იან ბიურენმა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საცდელი მოდელი ყველაზე არ გავრცელდება. მოკლე სამუშაო კვირის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კომპანიებს ინდივიდუალური თანამშრომლების დონეზე შეეძლებათ.
მაგალითად, ბრიტანეთში საპილოტე პროექტის ფარგლებში, კომპანიების უმეტესობამ გადაწყვიტა სამუშაო კვირა ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დაეგეგმა. ამავდროულად, როგორც შედეგებმა აჩვენა, ყოველკვირეული სამუშაო საათების შემცირებამ შრომის პროდუქტიულობისა და აქტიურობის შემცირება არ გამოიწვია. პირიქით, სატესტო რეჟიმის მსვლელობისას კომპანიების ბრუნვა, საშუალოდ, 1,4%-ით გაიზარდა. რაც შეეხებათ თანამშრომლებს, ისინი უმეტესწილად კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ათიდან ოთხმა თქვა, რომ ნაკლებად ისტრესებოდა. გარდა ამისა, თანამშრომლები გაცილებით ნაკლებად იღებდნენ ავადმყოფობით გამოწვეულ ბიულეტენს. საპილოტე პროექტში მონაწილეობდა 10 კომპანია და მათგან 9-მ მოდელის სამომავლოდ დანერგვა გადაწყვიტა.
ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელსაც ხანგრძლივი დისკუსია უძღოდა წინ
იმის მიუხედავად, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა დიდი ხანია გერმანიაში ინტენსიურად განიხილება და ზოგიერთმა კომპანიამ გამოსცადა კიდეც, მეცნიერულად კოორდინირებული კვლევა ალტერნატიული სამუშაო დროის მოდელებზე ჯერ არ ჩატარებულა. "ვიმედოვნებთ, რომ საპილოტე კვლევა დისკუსიის განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ვქმნით ამის საფუძველს", - განმარტა იან ბურენმა RND-სთან ინტერვიუში. გერმანული საპილოტე პროექტის პირველადი შედეგები მოსალოდნელია 2024 წლის მაისში, საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება კი - ოქტომბერში. აღნიშნულ პროექტს გერმანიაში თავად კომპანიები დააფინანსებენ ისლანდიისა და ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც ამ ინიციატივის განხორციელება სახელმწიფომ უზრუნველყო.
სურთ თუ არა ეს ცვლილება თავად თანამშრომლებს?
სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა 81% ოთხდღიან სამუშაო კვირას ემხრობა. ეს არის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის (WSI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელშიც სხვადასხვა სქესის, ასაკისა და განათლების დონის 2500-ზე მეტი სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, სამუშაო საათების შემცირების სურვილის მიუხედავად, გამოკითხულთა 73%-ი ხელფასის უცვლელად დატოვებას ითხოვს. გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ი დათანხმდება ოთხდღიან სამუშაო კვირას, თუნდაც ეს ხელფასის შემცირებას ნიშნავდეს. რესპონდენტთა 17%-ი სამუშაო დროის ალტერნატიულ მოდელს უარყოფითად აფასებს, გამოკითხულთა 2%-ი კი ამ სქემის მიხედვით უკვე მუშაობს.
რა არგუმენტები აქვთ ამ მოდელის მომხრეებს?
ოთხდღიანი სამუშაო კვირის მომხრეთა მთავარი არგუმენტები უფრო მეტი თავისუფალი დროა. 97%-ს სურს, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოს. 89%-ს უნდა, ოჯახთან მეტი დრო გაატაროს. 87%-ს სურს, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ ჰობის, სპორტს ან სოციალურ პროექტებს. სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი არის მიზეზი, რის გამოც 75%-ი მოკლე სამუშაო კვირას ემხრობა. რესპონდენტთა 31%-ი ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს. IG Metall-ის აღმასრულებელი საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, სოფი ჯენიკემ RND-ს განუცხადა, რომ ალტერნატიული მოდელი „სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსს აძლიერებს და ამით ასევე შესაძლებელია კომპანიებისადმი ინტერესი გაიზარდოს“. ის კლიმატის დაცვის მიმართულებითაც საუბრობს, რადგან სამსახურამდე ტრანსპორტირების ნაკადის შემცირება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორია მოწინააღმდეგეთა არგუმენტები?
როგორც ყველა საკითხს, ამ სიახლესაც ჰყავს სკეპტიკოსები. მათი აზრით, მუშაობის რეჟიმში არაფერი შეიცვლება, მოვალეობები იგივე დარჩება და მათი შესრულება ოთხ დღეში უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ზოგი შიშობს, რომ ამ შემთხვევაში პროფესიულ წინსვლას ვერ შეძლებენ. ასევე, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლისას გასათვალისწინებელია მრავალი სხვა ფაქტორი: პენსიის დაანგარიშების შედეგები, ზეგანაკვეთური საათები, ავადმყოფობისა და შვებულების პირობები.





