ნატო გენერალურ მდივანს ეძებს. ვინ შეცვლის სტოლტენბერგს?

ფოტო: Reuters
ნატოს ახალი გენერალური მდივნის პოსტზე მოსაზრებები სულ უფრო ხშირად ისმის. როგორ მიდის შერჩევის პროცესი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ალიანსის ხელმძღვანელი? - ამ და სხვა კითხვებს Deutsche Welle-მ გასცა პასუხი.
რა ხდება?
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი თანამდებობა ოქტომბერში ვაკანტური გახდება. ნატოს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სპიკერის მეშვეობით თებერვალში განაცხადა, რომ კონტრაქტის განახლებას აღარ აპირებს. მან ეს 2022 წლის გაზაფხულზე უკვე გააკეთა, რათა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე ნატოს ხელმძღვანელობის შეცვლა თავიდან აეცილებინა. სტოლტენბერგის განცხადების შემდეგ, ბრიუსელში შტაბ-ბინაში კვლავ დაიწყო დისკუსია კითხვაზე, თუ ვინ გახდება ალიანსის მეთოთხმეტე ხელმძღვანელი? მაგალითად, იმასაც ამბობენ, რომ ამ პოსტზე პირველი ქალის ხილვა ძალიან სასურველი იქნებოდა. ალიანსში ნატოს წევრი 30 ქვეყნის ელჩიდან თითქმის ნახევარმა თავისი კანდიდატურა ჩუმად წამოაყენა.
რა ევალება ნატოს გენერალურ მდივანს?
იენს სტოლტენბერგი ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისმა მემკვიდრემ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრულობა და ინტერესთა ბალანსი, ხელი შეუწყოს კონსენსუსს ნატოს 30 წევრს შორის იმის მიუხედავად, პოლიტიკური ერთიანობის საფრთხე მომდინარეობს არათანმიმდევრული დონალდ ტრამპისგან თუ აგრესიული ვლადიმერ პუტინისგან. აქვე ისიც უნდა ითქვას, გენერალური მდივნისგან დიპლომატიურ ოსტატობასა და ალიანსისადმი ერთგულებას ელიან. ამასთანავე, ნატოს ხელმძღვანელს არ აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ის მხოლოდ ოფიციალურად თავმჯდომარეობს ალიანსში გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. აღნიშნული თანამდებობის პირი პრესისთვის განცხადებებს აკეთებს და ნატოს სხვა სახელმწიფოების წინაშე წარადგენს. მას არც სამხედრო ლიდერის ძალა აქვს.
რა კრიტერიუმებს ენიჭება პრიორიტეტები ამ პოსტზე კანდიდატის შერჩევისას?
ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი წარსულში უნდა იყოს სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური. მას მოეთხოვება ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა. კანდიდატს ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. საბოლოო სიტყვა ეკუთვნის შეერთებულ შტატებს, როგორც ალიანსის მნიშვნელოვან წევრს, მაშინაც კი, თუ გენერალური მდივანი, ტრადიციულად, ევროპელია. სამაგიეროდ, შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლის პოსტი, რომელიც ალიანსში უმაღლესი ოფიცრის თანამდებობაა.
ახალი გენერალური მდივანი 30-ვე ქვეყნის მთავრობამ კონსენსუსით უნდა დაამტკიცოს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ინტერესები, წარმომავლობა და პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე - კანდიდატის წარმოშობის ქვეყნის სამხედრო და დიპლომატიური მნიშვნელობა. მაგალითად, ამჟამად წარმოუდგენელია, რომ ეს პოსტი შეიძლება თურქეთის წარმომადგენელმა დაიკავოს. ამის მიზეზი არის ის პრობლემები, რომელთაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას უქმნის. ასევე რთული წარმოსადგენია, რომ თურქეთი ფინეთის კანდიდატობას მხარს დაუჭერს.
ვინ არიან დღეისათვის მთავარი კონკურენტები?
ნატოს დიპლომატი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ფსონს დებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ქალზე, რომელსაც ახლა რუსეთი ემუქრება. შეიძლება საუბარი შეეხოს ესტონეთის ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, კაია კალასს ან ლიეტუვის მთავრობის მეთაურს, ინგრიდ შიმონიტეს. აღმოსავლეთ ფლანგის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი ქალი აუცილებლად მიიღებს პოლონეთის მხარდაჭერას, რომლის სამხედრო მნიშვნელობაც ნატოში სულ უფრო იზრდება. ასევე ნახსენებია სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა. ამ ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი უკრაინასთან. მისი კანდიდატურა შეიძლება განიმარტოს, როგორც სოლიდარობის აქტი.
თუმცა ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთმა ფლანგმაც წამოაყენა თავისი კანდიდატი - რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ამ ქვეყანას ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიამ რეკომენდაცია გაუწია ყოფილ პრემიერმინისტრს, მარიო დრაგის, რათა ამ პოსტზე სამხრეთელების პრეტენზია გააძლიეროს. გავრცელებული ხმების მიხედვით, აღნიშნულ თანამდებობაზე თავისი გეგმები აქვს დიდ ბრიტანეთსაც, რომელსაც „ბრექსიტის“ შემდეგ კვლავ სურს, საერთაშორისო ასპარეზზე უფრო თვალსაჩინო იყოს. გაერთიანებული სამეფოს კანდიდატი, შესაძლოა, მთავრობის ყოფილი მეთაური ტერეზა მეი გახდეს. თუმცა ეს ევროკავშირში ბევრისთვის წარმოუდგენელია, რადგან ისინი წლების განმავლობაში იმავე Brexit-ის შესახებ ტერეზა მეისთან მწვავე დისკუსიებს მართავდნენ.
გარკვეული შანსები აქვს კანადის ფინანსთა მინისტრს - ქრისტი ფრიდლანდს, რომელიც უკრაინელი ემიგრანტების შვილიშვილია. თუმცა ჯერჯერობით ის აუტსაიდერად ითვლება. რამდენიმე წლის წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან ფრიდლანდის ბაბუის სავარაუდო კავშირებს ეხებოდა. მიხაილო ხომიაკი მართლაც იყო უკრაინულენოვანი გაზეთის რედაქტორი კრაკოვში და საოკუპაციო რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი, მაგრამ ფრიდლანდს ეს ფაქტი არასდროს დაუმალავს. უფრო მეტიც, ის თავად მონაწილეობდა ისტორიულ კვლევაში, რომელიც ბაბუასა და მის გაზეთს ეხებოდა. ასე რომ, რუსული მედიის მიერ ფრიდლანდის „გამოაშკარავებას“ კანადაში დიდი სკანდალი არ მოჰყოლია და მის გადადგომაზე სერიოზული საუბარი არც ყოფილა. პირიქით, კანადამ გააძევა რუსი დიპლომატები და ისინი ფრიდლანდის რეპუტაციის შელახვის მცდელობაში დაადანაშაულა.
რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კანადის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის კანდიდატურას, მისი მთავარი პრობლემაა ის, რომ ევროპელი არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს ევროპელმა წევრებმა უარი განაცხადონ პოსტზე, რომელიც მათ ტრადიციულად ეკუთვნით. თუმცა ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, კანადას მხარს უჭერს შეერთებული შტატები.
მართალია თუ არა, რომ სტოლტენბერგი შეიძლება დარჩეს?
ნატოს შტაბ-ბინის დერეფნებში ჭორები დადის, რომ მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, მისი განცხადების მიუხედავად, შეიძლება მუშაობა კვლავ განაგრძოს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ დღევანდელ ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საკადრო საკითხები უკვე ზედმეტი იქნებოდა. შესაძლოა, იენს სტოლტენბერგმა ვადა 2024 წლის აპრილამდე გაიხანგრძლივოს. სწორედ ამ დროს ნატოს 75 წელი უსრულდება და ეს იუბილე ვაშინგტონში სამიტით აღინიშნება. შესაძლოა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომლის დაკავებაც იენს სტოლტენბერგს სურდა, ამ ეტაპზე ვაკანტური აღარ არის. ალბათ მსგავსი მარჩიელობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა სახელები, რომლებიც დისკუსიის დასაწყისში საჯაროდ ხშირად მოიხსენიება, ბოლომდე ვერ გადის, ეს არის კიდევ ერთი უცნაური დაუწერელი წესი ნატოს ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში. ასე რომ, სიურპრიზები სულაც არ არის გამორიცხული.





