მართალია თუ არა, რომ გერმანელებს ლტოლვილების მიღება აღარ უნდათ? ვინ და რაზე დავობს გერმანიაში მიგრაციული პოლიტიკის შესახებ?

ფოტო: Jens Schicke/IMAGO
მაშინ, როდესაც გერმანიის ხელისუფლებაში ლტოლვილთა საჭიროებების დაფინანსებაზე კამათობენ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ლტოლვილების მიღების სურვილი სულ უფრო ნაკლებია. თუმცა, აქ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრაციის სამიტზე განიხილება. ვინ და რაზე დავობს გერმანიაში მიგრაციული პოლიტიკის შესახებ, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
ოთხშაბათს, 10 მაისს, გერმანიის მთავრობა და ფედერალური მიწების მეთაურები საგანგებოდ მოწვეულ სამიტს დაესწრებიან, რათა ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის გადანაწილებასა და სხვა მიგრაციულ საკითხებზე იმსჯელონ. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი ცენტრსა და ფედერალურ მიწებს შორის არსებული დავის გადაწყვეტაა. დისკუსიის ფარგლებში, მიწების მეთაურები მოითხოვენ, ლტოლვილთა მიღებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების მეტი წილი ბერლინმა იკისროს. სამიტამდე კი სიტუაცია ასეთია - მხარეები კომპრომისისგან შორს არიან.
ასეთი დასკვნის გაკეთება შესაძლებელია სამიტის შედეგების მიხედვით შედგენილი დეკლარაციის პროექტიდან, რომელიც ARD-ს ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა. დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის ფედერალური მთავრობა მიწებისთვის ადრეულ პერიოდში დაპირებულზე მეტი თანხის (კერძოდ, 2,75 მილიარდი ევრო) გამოყოფაზე უარს ამბობს. ბერლინის ხელისუფლების უარს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ ფედერალურ ბიუჯეტში უკვე დეფიციტია, მაშინ როდესაც მიწების ბიუჯეტში პირიქით, პროფიციტია. გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ირიბად საყვედურობს მიწების მთავრობებს, რომ მათ ფედერალური სახსრების ნაწილი საბოლოო ადრესატებამდე, კერძოდ, ქალაქის მუნიციპალიტეტებამდე და ადგილობრივ თვითმმართველობამდე არ მიაქვთ.
ექსპერტების შეფასებით, ფინანსურ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება, თუმცა სავარაუდოდ, მხარეები მიგრაციული კრიზისის დაძლევის არაფინანსურ ზომებზე შეთანხმდებიან. აქ საუბარია გერმანიაში თავშესაფრის მინიჭებისთვის საჭირო მოქმედი პროცედურის გამკაცრებაზე. ამასთანავე, საქმე ეხება საკანონმდებლო ბაზის გამარტივებას, რომელიც დეპორტაციის პროცესს ართულებდა, თავშესაფარზე უარის თქმის ფაქტზე სარჩელის განხილვის დაჩქარებასა და იმ ქვეყნების სიის გაფართოებას, სადაც ლტოლვილთა დეპორტაცია უსაფრთხოდ ითვლება. ამ სიაში, გერმანიის მთავრობის გეგმების მიხედვით, საქართველო და მოლდოვა უნდა შედიოდეს. გარდა ამისა, პოლიციას მეტი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს, რათა ჩაატაროს ჩხრეკა მათზე, ქვეყნიდან ვის დეპორტაციასაც ხელისუფლება აპირებს. სამიტის დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს, რომ აინთება „მწვანე შუქი“, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის განხილვის პროცესმა ციფრული სახე მიიღოს, რათა მათი შესწავლა-დამუშავება დაჩქარდეს.
გერმანიის მოსახლეობა ლტოლვილების მიღების პოლიტიკას სულ უფრო აკრიტიკებს
ზემოთ ხსენებული სამიტი იმართება გერმანიაში მმართველი კოალიციის მზარდი კრიტიკის ფონზე. კერძოდ, ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთაც ქვეყანაში მიგრანტების მზარდი ნაკადი წარმოქმნის. ამას მოწმობს 4 მაისს, Deutschlandtrend-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. აღნიშნული გამოკითხვა სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა dimap-მა მედიაკომპანია ARD-ის დაკვეთით ჩაატარა.
„მზარდი შფოთვა“ - ასე ასათაურებენ მოსახლეობის განწყობას საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ Allensbach-ის სოციოლოგები. მათ, Deutschlandtrend-ის მსგავსად დააფიქსირეს შემდეგი რამ: „გერმანიის მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ ლტოლვილების მიღების უკიდურეს ზღვარს მიაღწია“. სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის ბოლო ტალღამ გერმანიას დაუმატა თითქმის 1,3 მილიონი მიგრანტი, რომელთაგან დაახლოებით მილიონი უკრაინის მოქალაქეა. ეს ნაკადი გერმანელების უმრავლესობამ თავის თავზე გამოსცადა - Allensbach-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 71%-მა აღნიშნა, რომ ლტოლვილებს მათ გვერდით ათავსებენ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლტოლვილთა ამჟამინდელი ნაკადი გერმანიის მოსახლეობას ნაკლებად აწუხებს, ვიდრე - 2015-2016 წლების ტალღა (39%-ი 53%-ის წინააღმდეგ). ამას Allensbach-ის სოციოლოგები ორი მიზეზით ხსნიან. პირველ რიგში, გერმანიაში ჩავიდნენ ადამიანები, რომლებიც „ლტოლვილების შესახებ არსებულ შეხედულებებს მეტად შეესაბამებიან“. კერძოდ, აქ საუბარია ქალებსა და ბავშვებზე. მეორე მხრივ, გერმანელები უკრაინელ ლტოლვილებს აღიქვამენ როგორც „მათთან უფრო ახლოს მდგომი სოციალურ-კულტურული წრის“ წარმომადგენლებს. რასაც ვერ ვიტყვით სირიელ, ერაყელ და ავღანელ ლტოლვილებზე, რომლებიც 2015-2016 წლების მიგრაციულ კრიზისში უმრავლესობას შეადგენდნენ.
თავშესაფრის მიღების უფლებაში გერმანელებს პირველად შეეპარათ ეჭვი
სოციოლოგებმა პირველად დააფიქსირეს გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულება თავშესაფრის მიღების უფლების ამჟამინდელი ფორმით შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. უფრო მეტიც, 2015-2016 წლების მწვავე მიგრაციული კრიზისის დროსაც კი ამ უფლების შენარჩუნებას უმრავლესობა მაინც მხარს უჭერდა. Allensbach-ის გამოკითხვის მიხედვით, მოქმედ მიგრაციულ კანონმდებლობას გამოკითხულთა მხოლოდ 39%-ი უჭერს მხარს, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე კი (49%-ი) მის გამკაცრებას ითხოვს. სწორედ ამიტომ, სამიტზე გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ლტოლვილთა დეპორტაციის გამარტივებას შეეხება, შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობაში მოწონება დაიმსახუროს.
ლტოლვილების მიღების ამჟამინდელ პრაქტიკასთან მიმართებით Deutschlandtrend-ის კვლევამაც იგივე სკეპტიციზმი დააფიქსირა. თუმცა აქ მოსახლეობის დამოკიდებულება უფრო დიფერენცირებულად არის წარმოდგენილი. კერძოდ, ერთი მხრივ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს (52%-ს) სურს, რომ გერმანიამ ნაკლები ლტოლვილი მიიღოს. თუმცა, ამავდროულად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა, რომ გერმანიამ ომებისა და სამოქალაქო კონფლიქტების შედეგად ლტოლვილებს, შიმშილისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლებსა და პოლიტიკური თუ რელიგიური დევნის ობიექტებს თავშესაფარი უნდა მისცეს (მხარდაჭერა - 70-დან 84%-მდე).
ეკონომიკური ლტოლვილები - არა, კვალიფიციური კადრები - კი
ორივე გამოკითხვიდან ცალსახა სურათი იქმნება - გერმანელები მიგრანტთა ნაკადების ზრდაში უფრო მეტ მინუსს ხედავენ, ვიდრე პლუსს. Deutschlandtrend-ის მიხედვით, 54%-ი და Allensbach-ის თანახმად კი, 56%-ი მეტ ნეგატიურ შედეგს გრძობს. ამავდროულად, Deutschlandtrend-ის კვლევის მონაწილეთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა (61%-ი) ეწინააღმდეგება გერმანიაში ეკონომიკური მიზეზების გამო ჩასული უცხოელების დაშვებას. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივე ადამიანები პრინციპულად ეწინააღმდეგებიან მიგრაციას, - წერენ Allensbach-ის სოციოლოგები გამოკითხვის განმარტებით ნაწილში. "მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ არის უარყოფითად განწყობილი ზოგადად მიგრანტების ტალღის მიმართ. თუ ასეთი ნაკადი ქვეყნის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, მაშინ უმრავლესობა დადებითად აფასებს აღნიშნულ მოვლენას", - ნათქვამია კვლევაში. ამგვარად, Allensbach-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 55%-ი საუბრობს მიგრაციის კანონმდებლობის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს გერმანიაში კვალიფიციური პერსონალის იურიდიულ სტატუსს, თუნდაც მათ მხოლოდ გერმანული ენის საბაზისო ცოდნა ჰქონდეთ.





