კოლინ ფარელის შვილს ანგელმანის სინდრომი აქვს. რას წარმოადგენს ეს იშვიათი და, სამწუხაროდ, უკურნებელი დაავადება?

ირლანდიელი მსახიობი კოლინ ფარელი ხშირად საუბრობდა საჯაროდ იმის თაობაზე, რომ მის უფროს ვაჟ ჯეიმსს ანგელმანის სინდრომი აქვს. მართალია, ეს არ არის სიახლე, მაგრამ 2024 წლის 7 აგვისტოს, ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ხსნის ფონდს, რომელიც ჯეიმსსა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა ადამიანებს სრული, საინტერესო ცხოვრების წარმართვაში დაეხმარება. ბევრმა არ იცის, თუ რა არის ანგელმანის სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს მას.
წელიწად-ნახევრის ასაკში ფარელის შვილს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემები ანგელმანის სინდრომთან იყო დაკავშირებული
ჯეიმსი კოლინ ფარელის პირველი ვაჟია. მისი დედა მოდელი კიმ ბორდენეივია, რომელთანაც მსახიობი შვილის მეურვეობას იზიარებს. როგორც კოლინი ჰყვებოდა, მისი ვაჟი ძალიან მშვიდი იყო და სიცოცხლის პირველ წელს მან განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს ვერ მიაღწია: ის არ ცოცავდა და არ ჯდებოდა. წელიწად-ნახევრის ასაკში მას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, სხვა ექიმს ამ დიაგნოზში ეჭვი შეეპარა. საბავშვო ნევროლოგმა ბიჭის უმიზეზო სიცილი რომ გაიგო, ანგელმანის სინდრომზე მიიტანა ეჭვი. კვლევის შედეგებით დიაგნოზი დადასტურდა.
სპეციალური ვარჯიშების შემდეგ, ჯეიმსმა პირველი ნაბიჯები ოთხი წლის ასაკში გადადგა. მას უჭირს საკუთარი სხეულის კონტროლი, ჰქონდა კრუნჩხვები, არ შეუძლია კომუნიკაცია მეტყველების მეშვეობით და შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს.
სანამ შვილთან დაკავშირებით ექიმებს დაუკავშირდებოდა, კოლინ ფარელი იქამდეც მხარს უჭერდა ინიციატივებს, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დახმარებას ეხებოდა. თუმცა ჯეიმსის დიაგნოზის შემდეგ, ამან მსახიობისთვის სულ სხვა დატვირთვა შეიძინა. 2007 წელს, როცა ფარელის ვაჟი ოთხი წლის იყო, პარაოლიმპიადისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე მსახიობს ჰკითხეს, თუ რატომ უჭერდა მხარს ამ მოძრაობას. ფარელმა უპასუხა, მაგრამ თავის შვილზე არაფერი უთქვამს, რადგან თავისი პირადი ცხოვრების დაცვა სურდა. თუმცა შემდეგ მან ეს საკითხი ბიჭის დედასთან განიხილა და გადაწყვიტა, საჯაროდ გამოეცხადებინა, რომ ჯეიმსს ანგელმანის სინდრომი ჰქონდა. მას შემდეგ ფარელს არასდროს გაუშვია ხელიდან შესაძლებლობა, რომ ეს დაავადება ეხსენებინა.
ანგელმანის სინდრომი განვითარების მძიმე დარღვევებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მისი განკურნება შეუძლებელია
ანგელმანის სინდრომი ვითარდება იმის გამო, რომ ერთ-ერთ ქრომოსომას მნიშვნელოვანი გენი აკლია ან არ მუშაობს. ეს საკმაოდ იშვიათი მდგომარეობაა და ის 12-20 ათასიდან ერთ ადამიანში გვხვდება.
ანგელმანის სინდრომი სხვადასხვა ადამიანში შეიძლება განსხვავებულად გამოვლინდეს და სიმპტომებიც მეტ-ნაკლები სიმძიმით აღინიშნება. ეს სიმპტომებია:
• ადრეულ ასაკში განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების დაგვიანება;
• ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა;
• მეტყველების სრული ან ნაწილობრივი დარღვევა (თუმცა ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდები შესაძლებელია);
• რთულად კონტროლირებადი მოძრაობები;
• მოვლითი კრუნჩხვები (ორ წლამდე ბავშვების 80%-ს აღენიშნება);
• მიკროცეფალია, რომელიც შესამჩნევი ხდება ორი წლის ასაკში;
• ხშირი სიცილი (უმიზეზო), აღგზნებადობა და მხიარული ქცევა;
• წყლისადმი განსაკუთრებული სიყვარული;
• ჰიპერაქტიურობა (აგრესიის გარეშე) და კონცენტრაციის პრობლემები;
• ხანმოკლე და წყვეტილი ძილი.
ასაკთან ერთად, ბოლო ორი სიმპტომი შეიძლება გაქრეს. გარდა ამისა, ანგელმანის სინდრომის მქონე ადამიანების მესამედს აუტისტური სპექტრის აშლილობაც აქვს. ანგელმანის სინდრომისგან განკურნება შეუძლებელია. შესაბამისად, აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა მთელი ცხოვრება სჭირდებათ.





