„იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია და კრიტიკოსები, საქართველოს დამცირების გამო, ევროკავშირზე გაბრაზებულიყვნენ, მათ ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დააბრალეს, თითქოს ევროკავშირი შეცდომებს არ უშვებს და დამნაშავე „ქართული ოცნებაა“

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა LeftEast -ზე გამოქვეყნდა სოფო ჯაფარიძის ინგლისურენოვანი სტატია, ომელიც უცხოური აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებსა და საქართველოს ხელისუფლების მიდგომებზე ავტორის მოსაზრებას შეიცავს. სოფო ჯაფარიძე არის საქართველოს დამოუკიდებელ მუშაკთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე. ის ათ წელზე მეტია პროფკავშირის მიმართულებით მუშაობს. სოფო ჯაფარიძე იკვლევს და სწავლობს შრომით და სოციალურ ურთიერთობებს, სხვადასხვა თემაზე პერიოდულად სტატიებს აქვეყნებს.
რა ხდება?
საქართველოში უცხოური გავლენის დარეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ კი, „ხალხის ძალამ“ (ის გამოეყო მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“, რათა გარკვეული მოსაზრებები უფრო ღიად გამოეხატა), თებერვლის ბოლოს წარადგინა ორი კანონპროექტი: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პირველი კანონპროექტი ითვალისწინებდა მონაცემთა საჯარო ბაზის შექმნას, რომელშიც დარეგისტრირებისა და დაფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება ეკისრებოდათ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოსული რესურსია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებოდნენ. მეორე კანონპროექტი პირველზე მკაცრი იყო, მაგრამ უფრო ლმობიერი, ვიდრე - აშშ-ში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA). FARA-ს უფლებამოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებით ან მედიით, არამედ ეხება ინდივიდებსაც. ის ასევე მოიცავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რასაც პირველი ქართული კანონპროექტი არ ითვალისწინებს.
როგორს სტატიის ავტორი აღნიშნავს, პირველი კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შექმნეს ნარატივი, რომ ეს იყო „რუსული კანონპროექტი“. საპროტესტო აქციების ფონზე საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის ძალამ“ მეორე კანონპროექტი წარადგინა. მათ გადაწყვიტეს გამოექვეყნებინათ ამერიკული ვერსია, რათა ის დაეპირისპირებინათ მათთვის, ვინც აღნიშნულ ინიციატივას რუსულს უწოდებდა. თუმცა მოწინააღმდეგე ძალას ტაქტიკა არ შეუცვლია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, Journal of Democracy-ის კვლევამ, რომელიც დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ არის დაფინანსებული, აღმოაჩინა „სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების გაზრდის ტენდენცია, რომელიც გრძელდება და ახალ იმპულსს იძენს “. გამოკითხული 98 ქვეყნიდან 41 კრძალავს ან ზღუდავს „უცხოურ გავლენას“. 2013 წლიდან ეს სია განახლდა. ცოტა ხნის წინ, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტების მიღების გეგმებთან დაკავშირებით, კანადამ და ევროკავშირმა განაცხადეს. აქ საუბარია უცხოური აგენტების შესახებ ისეთ კანონპროექტზე, როგორზეც საქართველოში იყო საუბარი. ამავე ჟურნალის ცნობით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყნები ასეთ შეზღუდვებს აწესებენ, არის შიდა არასტაბილურობისადმი სიფრთხილე. სწორედ უცხოელ პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულება განსაზღვრავს, თუ რამდენად ძლიერია ამ შეზღუდვების წინააღმდეგ ზეწოლა. რადგანაც საქართველო დიდი დოზით არის დამოკიდებული ევროკავშირსა და აშშ-ზე, ქვეყნის მთავრობამ უცხოური კომბინირებული ზეწოლით, ორივე კანონპროექტი გაიწვია.
ასეთი პოლიტიკური კრიზისი ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ნარატივი, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია. რეალურად კი, რადგან ყველა პარტიის პოლიტიკური პლატფორმა ერთნაირია, ნეოლიბერალიზმი და დასავლური კურსი (ევროკავშირი, ნატო), ერთადერთი გზა, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ საკუთარი თავის დიფერენცირება, არის ერთმანეთის დადანაშაულება პრო-რუსულობაში. ამავდროულად, მთავრობას რომ განემარტა, რატომ სურდა ასეთი კანონები ან რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი, „რუსული კანონის“ ბრალდება ასე არ გავრცელდებოდა, ან თუნდაც ზოგიერთი შეშფოთება იქნებოდა შერბილებული. ადვილია ეჭვებსა და შეთქმულების თეორიებს აჰყვე, როდესაც არ არსებობს ახსნა, განმარტება ან მონაწილეობის უნარი.
მთავრობა უპირველეს ყოვლისა თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი და ხალხის სახელით მოქალაქეებთან კონსულტაციის გარეშე შემოიღო ორი კანონპროექტი. თუმცა, საქართველოში საზოგადოებრივი შეკრებებისა და მოქალაქეების ჩართვის ინკლუზიური პროცესების მხარდაჭერის ხმები, ისევე როგორც ძირითადი საჯარო მოსმენები, იშვიათია. ევროინტეგრაციის საგზაო რუკის შესაბამისად კანონების რეფორმირების მიზნით პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა არასოდეს იბრძოდა ამ დისკუსიებში მოქალაქეების ჩართვისთვის.
რა კონტექსტმა განაპირობა უცხოური აგენტების შესახებ ორი კანონპროექტის წარდგენა?
იმ ფაქტმა, რომ საქართველოს უსამართლოდ ეთქვა უარი ევროკავშირის კანდიდატობაზე, თანაც როდესაც ის ლიდერი იყო, ხელი შეუწყო მზარდი მტრული გარემოს ჩამოყალიბებასა და უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტების წარდგენას. საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიეღო. ფაქტობრივად, ქვეყანა დაისაჯა იმიტომ, რომ მის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებისთვის „სიტყვის შებრუნებაში“, როდესაც ეს უკანასკნელნი „ქართული ოცნების“ მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. ამასთანავე, ოპონენტები მთავრობას ანტიდასავლურ და დემაგოგიურ რიტორიკაში ადანაშაულებდნენ. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია და კრიტიკოსები, საქართველოს დამცირების გამო, ევროკავშირზე გაბრაზებულიყვნენ, მათ ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დააბრალეს, რომ თითქოს ევროკავშირი შეცდომებს არ უშვებს და დამნაშავე „ქართული ოცნებაა“.
2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, საქართველოს ჰქონდა 67 ქულა, უკრაინას - 69 და მოლდოვას - 55. თავად ევროკავშირის საზომის მიხედვით, საქართველო მოლდოვას უსწრებს, თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სწორედ ამ უკანასკნელს მიენიჭა. რაც შეეხება უკრაინას, მას აქვს ორი ბონუს ქულა „საგარეო ურთიერთობებისა“ და „უსაფრთხოებისა და თავდაცვის საგარეო პოლიტიკისთვის“. რადგანაც უკრაინა ომშია ჩართული, ეს არგუმენტები გასაგებია. საქართველომ ორი ქულა „ენერგიაში“ დაკარგა, რასაც „ქართული ოცნება“ ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტას მიაწერს. აღნიშნული ფაქტიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული საპროტესტო აქციის შედეგად მოხდა. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას წინ უდევს ევროკავშირის მიერ დავალებული 12 ამოცანა, რომლის შესრულების ხარისხიც ოქტომბერში შეფასდება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე თვე აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ღირსია.
ამასთანავე, „ქართული ოცნების“ მიმართ ცილისწამების მთავარი წყარო უკრაინის ხელისუფლება იყო. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან გაიქცა, უკრაინის მთავრობამ, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას თავშესაფარი მისცა მთავრობაში. სააკაშვილი პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ოდესის გუბერნატორი იყო, სანამ არ დაუპირისპირდა მას და არ დააპატიმრეს. ამის შემდეგ ზელენსკიმ ის თავისი რეფორმების გუნდის შემადგენლობაში შეიყვანა. სწორედ სააკაშვილის ჯგუფი არის ნაწილობრივ პასუხისმგებელი იმ კანონის ამოქმედებაზე, რომელიც მკაცრად ზღუდავს შრომით უფლებებს უკრაინაში. ზელენსკიმ და სხვა მაღალჩინოსნებმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს, ხოლო სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გასული წლის დეკემბერში მასობრივი მსოფლიო პროტესტიც კი მოითხოვა. უფრო მეტიც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა 2022 წელს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდა. როდესაც თბილისმა რუსეთის სანქციებთან შეერთებაზე უარი თქვა (მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბანკო სანქციები უხმაუროდ აღასრულა), უკრაინამ თავისი ელჩი გაიწვია. რუსეთმა ქართული რძის პროდუქტებისთვის რუსული ბაზარი გახსნა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკრაინის ღალატად მიიჩნია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საქართველოს ყველა ხელისუფლება ომშია ჩართული ერთ ან ორივე სეპარატისტულ რეგიონთან (ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). „ქართული ოცნება“ კი ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ამ ბედს გადაურჩა და ომში ჩათრევის საშიშროება რეალობად არ იქცა. თუმცა ყოველთვის, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის შეშფოთებას ახმოვანებს, მას შეთქმულების თეორიაში ადანაშაულებენ.
ამასთანავე, ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. გასული წლიდან ბევრი პოლიტიკოსი და კრიტიკოსი, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული გადაწყვეტილების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. 2023 წლის 15 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელშიც ნათქვამია: „პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლის გამო“. ევროპარლამენტს მცირე ძალა აქვს, მაგრამ ის, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნების“ ისტორიის შესაქმნელად. როდესაც ევროპარლამენტის წევრს სტატიის ავტორმა ჰკითხა, რატომ მისცა ევროპარლამენტმა ასე მკაცრად ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მან უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ულტრამემარჯვენე კოალიცია ერთად მუშაობენ. ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტს თემებით ამარაგებს. მემარჯვენე პარტიები „პოლიტიკურ ტრიბალიზმს“ მისდევენ და რაც უნდა მოხდეს, თავისიანებს იცავენ.
ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა ბევრად უფრო ხშირად გამოიყენა FARA, რომელიც „გასაჯაროების ვალდებულებებს აკისრებს იმ პირებს, ვინც უცხოურ ინტერესებს წარმოადგენენ“. ის მოითხოვს, რომ „უცხოეთის აგენტები“ იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ და გაასაჯაროონ თავიანთი ურთიერთობები, საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ფინანსური კომპენსაცია. Columbia Journalism Review აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ლიბერალმა კომენტატორებმა უცხოური გავლენის კანონის - FARA-ს შემოღების შესახებ 2012 წელს, პუტინის განმარტება უარყვეს, მეორე მხრივ, 2017 წელს აშშ-მა Russia Today უცხოურ აგენტად დაარეგისტრირა. Rolling Stones-ის 2019 წლის სტატიის სათაური ასეთია: „როგორ ამხელს ტრამპის ლაქიებს ბუნდოვანი ანტინაცისტური პროპაგანდის კანონი“. FARA -ს გაშუქებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა კომენტარი დადებითია. სტატიაში აღნიშნულია, რომ "FARA-ს მიმართ იუსტიციის სამინისტროს აგრესიულმა პოზიციამ უცხოური გავლენის ინდუსტრიასა და მის გარშემო მომუშავე ადამიანებში მეტი ინფორმირებულობა გამოიწვია".
ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტი გაეხვა სკანდალში, რომლის ფარგლებშიც მისი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა პირები კატარიდან ფულის სავარაუდო მიღების გამო დააკავეს. New York Times-ის ბოლოდროინდელი სტატიის თანახმად, „სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველაზე ელემენტარულ მიმართულებებშიც კი, რაც საგარეო გავლენის რეგულირებასა და უცხოური ინტერესების შეზღუდვას გულისხმობს, ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“. The New York Times აღიარებს, რომ უცხოური გავლენის შეზღუდვა არის "სახელმწიფოს მართვის რუდიმენტული ხელოვნება". ამერიკელი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის კანონები სასარგებლოა ქვეყნისა (აშშ) და მისი პარტნიორებისთვის.
ევროპარლამენტში დაბალი შეფასების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ყურადღება საშინაო პოლიტიკაზე გადაიტანა. გარდა ამისა, მთავრობამ დაბალი ქულები მიიღო ევროკავშირის „პროგრესის ანგარიშში“. ამან „ქართულ ოცნებას“ აფიქრებინა, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების უკან იდგა რუსეთი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ნაკლებობით ყველაზე მეტი სარგებელი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით ფრთხილია, ცხადია, რომ კრემლი ხან სჯის და ხან აჯილდოებს საქართველოს საკუთარი თვითნებური წარმოდგენების საფუძველზე. ამასთანავე, „ქართული ოცნება“ რუსულ საბოტაჟსაც ითვალისწინებს. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი მიზეზი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი და ამ მოვლენებზე რუსეთის გავლენა იყო.
საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ის ომის მდგომარეობაშია და მისი გადაწყვეტილება, მიეღო უცხოური აგენტების შესახებ რომელიმე კანონპროექტი, მიზნად ისახავდა იმის ჩვენებას, თუ რამდენი პოლიტიკური კრიზისია პროვოცირებული და მხარდაჭერილი უცხოური დაფინანსებით. შემდგომი კრიზისების რისკი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატობის მიღებამდე. სტატიის ავტორის აზრით, აქ საუბარი იყო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ორ კანონპროექტზე და პირველი მოსმენის შემდეგ, ვენეციის კომისიაში მათ გაგზავნაზე (რასაც თვეები დასჭირდებოდა), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტები სერიოზულად არ განიხილებოდა და უფრო მოკლევადიან ტაქტიკას წარმოადგენდა ევროკავშირის კანდიდატობის ფინიშამდე მისასვლელად. დიდი ალბათობით, „ქართულმა ოცნებამ“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საჭიროება სწორედ ამ მოვლენებისა და გულწრფელი შიშების შედეგად დაინახა და არა - რუსული უზურპაციის შედეგად. ამასთანავე, სასწორზე დგას ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის აზრით, განზრახ მოწყობილი საბოტაჟია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს საქართველო იმის გამო, რომ მას ამ კანონით შეეძლო თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა, კანადამ განაცხადა, რომ ისინი იწყებდნენ მუშაობას უცხოური გავლენის კანონზე და ევროკავშირმა დაადასტურა, რომ იქაც იგივე იგეგმებოდა. შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ სჭირდებოდა ახალი კანონი, რადგან მას უკვე აქვს კანონი, რომლის ფარგლებშიც ბოლო რამდენიმე წელიწადში უფრო მეტი საქმე აღიძრა, ვიდრე - წინა 40 წლის განმავლობაში. თუმცა ავტორს მიაჩნია, რომ ამ კანონპროექტებს სერიოზული ხარვეზები ჰქონდა როგორც შინაარსის, ასევე - პრეზენტაციის კუთხით და ისინი ამ ფორმით არ უნდა ყოფილიყო მიღებული. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ კანონპროექტების მიმართ მემარცხენეთა კრიტიკა ოპოზიციის კრიტიკისგან განსხვავდება. თუმცა, აქ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობდა: ან ამ მოძრაობაში ჩართვა იმ პირობებით, რომლებითაც ის იყო ორგანიზებული, ან მისგან გამოყოფა.
სტატიის ავტორის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კანონპროექტის მიმართ წინააღმდეგობის სახეობა ანტირუსული და პროდასავლური იყო. მასობრივმა დემონსტრაციებმა კი ევროპის ცივილიზაციური ნარატივი გააცოცხლა. ცრუ დიქოტომია ჩამორჩენილი რუსეთისა და ცივილიზებული ევროკავშირის შესახებ გაძლიერდა. ამ ყველაფერმა ახალი სიცოცხლე მისცა აქტიურ ვესტერნიზმს. ავტორის თქმით, ის შეგნებულად არ იყენებს სიტყვას „ლიბერალი“, რადგან ამ პროდასავლელთაგან ბევრი ძალიან მემარჯვენეა. სამოქალაქო საზოგადოება შეშინებული იყო და თვლიდა, რომ მათი დრო დასრულდა, რადგან მათ დაფინანსებაზე დონორები უარს იტყოდნენ. ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა ათიათასობით სამუშაო ადგილსა და გრანტს.
უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მქონე ერთადერთ ქვეყნად რუსეთი იყო წარმოდგენილი, რომელიც უცხოური აგენტის შესახებ კანონის მქონე ათეულობით ქვეყნის უკიდურესი ვერსიაა. ამ ყველაფრის რიტორიკა შიშით იყო სავსე. საკუთარი თავის გადასარჩენად სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესი ზომების მიღება მოუწია. სურათებმა და უამრავმა ფეისბუქ პოსტმა გამოავლინა ფარული რწმენა, რომ მათ უნდოდათ მოეხდინათ შთაბეჭდილება ევროკავშირსა და აშშ-ზე, ამით კი დაემტკიცებინათ მათთვის დასავლეთის სიყვარული და რუსეთის სიძულვილი. იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებებს აკეთებდა ევროკავშირი ამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, აღნიშნულმა სტრატეგიამ გაამართლა.





