ჩინური ელექტრომობილები მსოფლიოს იპყრობენ. ვის არ მოსწონს ეს და რატომ?

ფოტო: AFP
გასულ წელს ჩინეთმა გერმანიას გაუსწრო და ავტომობილების ექსპორტიორებს შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. წელს კი, ამ მიმართულებით ჩინეთი უფრო შორს წავიდა და გლობალურ ლიდერს, იაპონიასაც გაუსწრო. ჩინეთის დომინირება ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე პროგნოზიდან რეალობად იქცა და დასავლეთი სასწრაფოდ ეძებს გზებს, რომ დაბრუნდეს ის დრო, როდესაც გერმანული, იაპონური, ფრანგული და ამერიკული წარმოების ავტომობილები დომინირებდნენ.
რა ხდება?
ჯერჯერობით, ელექტრომობილების მთავარი საექსპორტო ნიშანი სახელწოდებით - „დამზადებულია ჩინეთში“ - არის Tesla. თუმცა თანდათანობით, არა მხოლოდ ბატარეები, არამედ ჩინური დიზაინით შექმნილი მანქანებიც სულ უფრო პოპულარული ხდება შიდა ბაზარზე და არც გლობალური მასშტაბი ჩანს შორს. სულ რაღაც ბოლო ათწლეულში ჩინეთმა მომავლის ავტოინდუსტრია შექმნა და ექსპორტის სფეროში ლიდერობას მიაღწია. თუ როგორ შეძლო ეს ჩინეთმა, BBC-მ გაარკვია.
მადლობა პარტიას, პუტინს და კრიზისს!
ჩინეთის ხელისუფლების მხარდაჭერამ და ბატარეების წარმოებისთვის საჭირო რესურსებზე კონტროლმა ინდუსტრიის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი. კომუნისტურმა პარტიამ ავტოინდუსტრია ფეხზე დააყენა და ამის შემდეგ ის წინ კი არ წავიდა, გაიქცა. კიდევ უფრო გასაკვირია წარმატების ეს ისტორია ჩინეთის ეკონომიკის პრობლემების ფონზე. გაჭიანურებულმა კრიზისმა სი ცზინპინის მმართველობის პირობებში, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით კომუნისტური პარტიის შესაძლებლობებისადმი მოსახლეობის ნდობა შეარყია. ადამიანები ფულის დახარჯვას არ ჩქარობენ, რაც აფერხებს ეკონომიკური პოლიტიკის მიზანს - მოხმარების მაქსიმალურ ზრდას. თუმცა, ეს ხელსაყრელი აღმოჩნდა სწორედ ავტოინდუსტრიისთვის. შიდა მოთხოვნის კლებამ ჭარბი წარმოების კრიზისი გააღრმავა და ავტომწარმოებელი ქარხნები გაორმაგებული ენერგიით ცდილობენ, მყიდველები საზღვარგარეთ მოიძიონ.
ამ მხრივ ხელსაყრელი აღმოჩნდა ევროპაში მიმდინარე „მწვანე“ რეფორმები, რომელთა მიხედვითაც, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში, მომხმარებლების უმრავლესობა ელექტრომობილებზე გადაერთვება. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული სამხედრო შენაერთების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა ავტომრეწველობამ რუსეთი დატოვა. ამით ჩინეთმა მიიღო ძალიან დიდი ბაზარი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებისთვის, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში ვეღარ გაიყიდება. შესაბამისად, ავტომობილების ექსპორტი ჩინეთიდან რუსეთში შვიდჯერ გაიზარდა. თუ ერთი წლის წინ, რუსულ ბაზარზე გაყიდული ყოველი მეხუთე მანქანა ჩინური იყო, დღეს უკვე ყოველი მეორეა. ამით რუსები კმაყოფილები არიან, მაგრამ ჩინეთის ასეთი სწრაფი საგარეო ექსპანსია ევროპაში არ სიამოვნებთ. ძირითადად, სწორედ ევროკავშირში იგზავნება ჩინეთში აწყობილი ელექტრომობილებით დატვირთული სავაჭრო გემები, რადგან 27 წევრი ქვეყანა თავისი 450-მილიონიანი მოსახლეობით გიგანტური და მდიდარი ბაზარია, რომელსაც მხოლოდ შეერთებულ შტატები თუ შეედრება. თუმცა, ჩინეთს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ-სთან, ევროკავშირთან კი - ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს.
რატომ არის ევროპა უკმაყოფილო?
„ჩინეთმა მსოფლიო ბაზარი იაფი ელექტრომობილებით გადაავსო. უზარმაზარი სახელმწიფო სუბსიდიების გამო, მათი ფასები ხელოვნურად დაბალია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში, რომელიც ევროპული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს მიუძღვნა. მიმდინარე წელს ავტომობილების იმპორტი ჩინეთიდან გაორმაგდა და ამჟამად უკვე ჩინეთში აწყობილი ელექტრომობილები ევროპის ბაზრის 8%-ს შეადგენს. ევროკომისიის პროგნოზით, ეს წილი რამდენიმე წელიწადში გაორმაგდება. ჩინური მოდელების ფასები საშუალოდ 20%-ით დაბალია, ვიდრე - მათი ევროპული ანალოგებისა. ამიტომაც ევროკომისიამ გადაწყვიტა, არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყოს. ამის შედეგად, სავარაუდოდ, ჩინური ელექტრობატარეებით აწყობილ მანქანებზე დამატებითი გადასახადები დაწესდება.
ამ კატეგორიაში აღმოჩნდება ჩინური ბრენდები, როგორიცაა BYD-ი ან XPeng-ი ან ერთ დროს ევროპული ბრენდები, რომელთაც ახლა ჩინური კომპანიები ფლობენ და როგორიცაა Volvo და MG. უფრო მეტიც, ეს რეგულაცია შეეხება გერმანული BMW-ს, ფრანგული Renault-ის ან ამერიკული Tesla-ს ჩინურ ქარხნებში წარმოებულ მანქანებს. ევროკავშირის ორი მთავარი სამრეწველო ძალის - გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ევროკომისიის გამოძიებას ერთხმად უჭერს მხარს. სამაგიეროდ, ჩინეთი განაწყენდა და პრეტენზიაც გამოთქვა. „ევროკავშირის მხრიდან ღია პროტექციონიზმი გამოიწვევს დესტაბილიზაციას ავტომობილების გლობალურ ბაზარზე, მათ შორის - ევროკავშირში“, - აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში. „სამართლიანი კონკურენციის საბაბით, საკუთარი ავტოინდუსტრიის დაცვა უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებულ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებზე“, - დასძინეს უწყებაში.
ევროპელები ამტკიცებენ, რომ ჩინური ავტომობილების ქარხნებმა ევროპელ კონკურენტებს გაუსწრეს მთავრობის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის წყალობით, რაც ევროკავშირში აკრძალულია. ჩინელები ამბობენ, რომ ისინი სუფთად იმარჯვებენ - არა დოპინგ-სუბსიდიების გამო, არამედ - ბიზნეს-ტალანტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის წყალობით.
როგორ გახდა ჩინეთი მომავლის ლიდერი ავტოინდუსტრიაში?
გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლება მუდმივად უჭერდა მხარს ავტოინდუსტრიას ქვეყნის შიგნით, ასევე უზრუნველყოფდა ლითიუმსა და სხვა საჭირო რესურსებზე წვდომას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კომუნისტური პარტია სამ მთავარ მიზანს ატარებდა: სუფთა ჰაერი ქალაქებში, იმპორტის ჩანაცვლება და მომავალი ტექნოლოგიების ლიდერობაზე ფოკუსირება, რათა პლანეტაზე ეკონომიკური დომინირებისთვის ჩინეთს დასავლეთისთვის მოეგო. 2016 წლიდან 2022 წლამდე, პეკინმა 57 მილიარდი დოლარი გამოყო ელექტრო და ჰიბრიდული ძრავებით აღჭურვილი მანქანების მოთხოვნა - წარმოების მხარდასაჭერად - აცხადებს Reuters-ი საკონსულტაციო ფირმა AlixPartners-ზე დაყრდნობით. 2023 წელს კი გამოცხადდა ახალი ოთხწლიანი საგადასახადო წახალისების პროგრამა, რომელიც 72 მილიარდი დოლარის ღირებულების არის. ეს მხოლოდ ცენტრალიზებული სუბსიდიებია, მათ გარდა რეგიონულიც არსებობს.
თუმცა ეს მხარდაჭერა ფულით არ შემოიფარგლება. ელექტრომანქანების პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთმა სწრაფად შექმნა მსოფლიოში დატენვის ყველაზე დიდი ქსელი - 6 მილიონზე მეტი წერტილი და აიძულა მწარმოებლები, დამტენების სტანდარტი დაედგინათ. ორი ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ელექტრომობილების ბატარეების გლობალურ ბაზარზე ჩინეთი უპირობო ლიდერი გახდა. კომპანია CATL-ი ბაზრის 37%-ს აკონტროლებს, BYD კი - თითქმის 15%-ს, - ასეთია საქმიანი გაზეთის - FT სტატისტიკა.
CATL-ის ბატარეებს თავიანთ მანქანებში იყენებენ Tesla, BMW და Volkswagen-ი, ხოლო Ford-მა იყიდა ტექნოლოგია და ნოუ-ჰაუ მიჩიგანში, რათა ქარხანა ააშენოს.
ბატარეების გარდა (თუმცა ის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ელექტრომობილში), ლიდერ პოზიციაზე გადაინაცვლა მზა პროდუქტმაც - თავად ჩინური წარმოების ელექტრომობილმა. თავდაპირველად მან ჯერ შიდა ბაზარი დაიპყრო. წელს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ბრენდი იყო არა Volkswagen-ი, არამედ - BYD. ახლა უკვე ჯერი მსოფლიო ბაზარზეა.
დასავლურმა ავტოინდუსტრიამ დიდი ხანია გააცნობიერა, რომ ჩინურთან კონკურენციას აგებს. სრული მარცხი ჯერ შორს არის, მაგრამ ფართომასშტაბიანი ინვესტიციების, სამთავრობო პოლიტიკის კორექტირების ან ტექნოლოგიური მიღწევების გარეშე, ჩამორჩენა ყოველწლიურად სულ უფრო შესამჩნევი გახდება. ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის თავისუფალი სიმძლავრე დაახლოებით, წელიწადში 10 მილიონ მანქანად უკვე შეფასებულია. ეს მაჩვენებელი მთელი წინა წლის განმავლობაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამგზავრო მანქანების წარმოებას უტოლდება. თუ ევროპის ყველა საავტომობილო ქარხანა მოულოდნელად დაიხურება, ჩინეთს წარმოების გაზრდაც კი არ დასჭირდება - ის ადვილად გადაავსებს ბაზარს თავისი მანქანებით, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა.
სწორედ ამიტომ ბაზრის ლიდერი Tesla უკვე მეორად ამცირებს ფასებს. შესაბამისად, აშშ-ის ხელისუფლებამ ეკონომიკის „მწვანე რესტრუქტურიზაციის“ მხარდასაჭერად 270 მილიარდი დოლარი გამოყო. ამაში ამერიკული ელექტრომობილების შესყიდვის სუბსიდიებიც ითვლება. ასე რომ, ევროპამ ავტოინდუსტრიის მაჯისცემას ბოლოს და ბოლოს მოუსმინა და ჩინეთის საფრთხეს ყურადღება მიაქცია.





