აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგო დაამონტაჟა. სომხეთმა კი რუსეთსა და გაეროს ჩარევისკენ მოუწოდა. რა ხდება?

ფოტო: VALERY SHARIFULIN/TASS
ბაქომ ლაჩინის დერეფანში, მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყო. რა უნდა აზერბაიჯანს და რას პასუხობს სომხეთი, BBC-მ გაარკვია.
რას ამბობს ბაქო?
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა „ცოცხალი ძალის, იარაღისა და ნაღმების უკანონო ტრანსპორტირება უნდა აღკვეთოს“. ამ ბრალდებებს სომხეთი კატეგორიულად უარყოფს. „2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების დარღვევით, სომხური მხარე ლაჩინი-ხანკენდის გზას უკანონო მიზნებისთვის სისტემატურად და ფართო მასშტაბით იყენებდა. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, აზერბაიჯანმა მეზობელ ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რა უნდა ერევანს?
თავის მხრივ, ერევანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში, ხაკარის ხიდზე გახსნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს. შესაბამისად, სომხეთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელთა მიხედვითაც ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, საბოლოოდ შეასრულოს სამმხრივი შეთანხმების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, მოხსნას ლაჩინის დერეფანზე უკანონო ბლოკადა და ამ ზონიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს. ამასთანავე, მოვუწოდებთ გაეროს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების მანდატი, ნათლად აღწერონ აზერბაიჯანის ქმედებები, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის და გადადგან ქმედითი ნაბიჯები საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უპირობოდ შესასრულებლად“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
22 თებერვალს, გაეროს უზენაესმა სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი მიმოსვლის დაშვება დაავალა. აღნიშნული მონაკვეთი გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან გადაკეტილი იყო აზერბაიჯანელი მომიტინგეების მიერ, რომლებიც თავს ეკოლოგიურ აქტივისტებს უწოდებდნენ. სომხეთი ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეები აზერბაიჯანის ხელისუფლების წაქეზებითა და თანხმობით მოქმედებდნენ, ოფიციალური ბაქო კი ამ პროცესებში მონაწილეობას უარყოფდა. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარი იყო საკვების, მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტზე, რამაც, ფაქტობრივად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დატოვა. „ბაქომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთის შეუფერხებელი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. თავის მხრივ, ერევანმა ბლოკადას "ეთნიკური წმენდის" მცდელობა უწოდა.
რა შეიძლება ამ ნაბიჯს მოჰყვეს?
ოფიციალური აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობა, სომხეთთან 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, პირველი ასეთი ნაბიჯია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ბაქო ვალდებულია ლაჩინის დერეფნის გასწვრივ უსაფრთხო მიმოსვლა უზრუნველყოს. მას შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები პატრულირებენ. თუმცა სომხეთმა მოსკოვი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამშვიდობო მისიის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა.
საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ეთნიკური სომხები, რომლებმაც 1990-იანი წლების დასაწყისში, ომის შედეგად, აზერბაიჯანისგან გამოყოფა სცადეს. აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალ ერთადერთ სახმელეთო მარშრუტზე საკონტროლო - გამშვები პუნქტის შექმნის გამო "ძალიან შეშფოთებულია". აქვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს რეგიონში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანში ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილება თავისუფალი უნდა იყოს. ვაშინგტონმა ორივე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, მათ საზღვარზე პროვოკაციებისა და ძალადობრივი ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავონ. 2020 წლის ექვსკვირიანი ომის დროს, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც იქამდე სომხური მხარის ხელში იყო. 6500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბრძოლებში, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად დასრულდა.





