აშშ უკრაინას კამიკაძე - დრონებს გადასცემს. რას წარმოადგენს Switchblade-ი?

ფოტო: Twitter
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის საბრძოლო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება გადაწყვიტა. გავლენიანი ამერიკული მედიის ცნობით, აქ საუბარია Switchblade-ზე, რომელიც კამიკაძე-დრონს წარმოადგენს. ეს არის მართვადი რაკეტა, რომელსაც შეუძლია, მტრის სამიზნეს ათეულობით კილომეტრის მანძილიდან დაარტყას. დეტალური ინფორმაცია ამერიკული კამიკაძე- დრონის შესახებ BBC-მ მოიძია.
რა ხდება?
ამ მაღალტექნოლოგიურ იარაღს შეერთებული შტატები აქამდე მხოლოდ დიდ ბრიტანეთს აწვდიდა. სხვა უპილოტო საფრენ აპარატებთან შედარებით, ისინი ძალიან იაფია და მათი მცირე ზომის, მაღალი სიჩქარისა და მინიმალური ხმაურის გამო, ფაქტობრივად, მოუხელთებელია. თეთრი სახლის საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მოიცავს, „100 ტაქტიკურ უპილოტო საავიაციო სისტემაზეა“ საუბარი.
CNN-ის, NBC-ისა და Politico-ს ცნობით, აქ იგულისხმება Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე ქვეითების გასანადგურებლად. NBC News-ის ცნობით, ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ნაირსახეობის დრონს გადასცემენ უკრაინას, შესაძლებელია ორივე - Switchblade 300 და Switchblade 600.
ერთჯერადი მოხმარების იარაღი
უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. AeroVironment-ს მისი პროდუქციის უკრაინის არმიისთვის გადაცემის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ნატოს ყველა ქვეყანას. უკრაინასა და ჩვენს აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს ახლა სჭირდებათ ჩვენი ტექნოლოგია, რათა რუსული არმია დაამარცხონ და მომავალი აგრესია თავიდან აიცილონ“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Switchblade-ი არის რობოტიზებული ჭკვიანი ბომბი, რომელიც აღჭურვილია ძრავით, კამერებით, სამიზნე სისტემებითა და ქობინით. მათი დაპროგრამება შესაძლებელია ისე, რომ დამოუკიდებლად შეუტიონ ობიექტებს, რომლებიც მრავალი კილომეტრით არიან დაშორებული. ამავდროულად, კამიკაძე- დრონებს შეუძლიათ უთვალთვალონ სამიზნეს, სანამ დარტყმისთვის შესაფერისი მომენტი არ დადგება. ეს არის ერთჯერადი მოხმარების იარაღი, რის გამოც მას მეტსახელად „კამიკაძე- დრონი“ შეარქვეს. ის გაცილებით იაფია, ვიდრე- საბრძოლო თვითმფრინავებში გამოყენებული რაკეტები. ზოგიერთი შეფასებით, Switchblade 300 შეიძლება სულ რაღაც 6 ათასი დოლარი ღირდეს.
Switchblade 300 - მსუბუქი ვერსია
Switchblade 300-ი შემუშავებულია როგორც ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც არც თუ ისე დიდი ქვეითი დანაყოფისთვის არის განკუთვნილი. ის კომპაქტურია: სიგრძეში- 610 მმ-ს შეადგენ, სპეციალურ გადასატან მოწყობილობასთან ერთად კი 2,7 კგ-ს იწონის. შესაბამისად, მისი ტარება ჯარისკაცს თავისი ზურგჩანთით შეუძლია. გაშვების შემდეგ კამიკაძე-დრონი ფრთოსან რაკეტას ემსგავსება. მისი მართვა 10 კმ-ის რადიუსშია შესაძლებელი, ჰაერში კი დაახლოებით 10 წუთს ჩერდება. დაზვერვისთვის ის გამოუსადეგარია, მაგრამ სამიზნის გასანადგურებლად- ძალიან ეფექტიანი. Switchblade-ის ზოგიერთი მოდელი მოდიფიცირდება, რათა მას მტრის უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეეძლოს.
Switchblade-ი იდენტიფიკაციისთვის ფერად კამერასა და GPS-ს იყენებს. თუმცა კოორდინატების მიხედვით, ობიექტზე თავდასხმისთვის მისი დაპროგრამება წინასწარაც არის შესაძლებელი. მის საბრძოლო ნაწილი შეიცავს ასაფეთქებელს, რომელიც ხელყუმბარის ეკვივალენტურია. ის შეიძლება აფეთქდეს როგორც სამიზნეზე შეტევის დროს, ასევე- ჰაერში. გაშვების შემდეგ დრონის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, ოპერატორს კოორდინატების შეცვლა და Switchblade-ის გადამისამართება შეუძლია. მოწყობილობა ელექტროძრავით იმართება. ის ჩუმად დაფრინავს და მცირე ზომისა თუ მაღალი სიჩქარის გათვალისწინებით (შეტევის მომენტში დაახლოებით 160 კმ/სთ), უკიდურესად რთულია მისი აღმოჩენა და მითუმეტეს, ჩამოგდება.
Switchblade 600 - მძიმე ვერსია
2020 წლის მარტში AeroVironment-მა Switchblade-ის უფრო დიდი, ტანკსაწინააღმდეგო ვერსიის წარმატებული ტესტირების შესახებ განაცხადა. ოქტომბერში კი კომპანიამ ახალი მოდელი წარადგინა. Switchblade 600 გაცილებით მძიმეა, ვიდრე - Switchblade 300. ის 23 კგ-ს იწონის, თუმცა მისი ხელით ტარება შესაძლებელია, სამუშაო რეჟიმში მოყვანის დრო კი 10 წუთია.
მწარმოებელი კომპანიის ცნობით, Switchblade 600-ს 40 კმ-მდე რადიუსში მდებარე სამიზნეზე თავდასხმა და ჰაერში 40 წუთის განმავლობაში დარჩენა შეუძლია. წინამორბედთან შედარებით, მისი შეტევის სიჩქარე ცოტათი უფრო მეტია- 185 კმ/სთ. Switchblade 600-ის ქობინი ჯავშანტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. მისი მართვა ხელით ან ავტონომიურად არის შესაძლებელი. ის დაშიფრულ მონაცემთა არხებს იყენებს, აღჭურვილია GPS მოდულითა და ელექტრონული თვალთვალის სიტემისგან დაცვის ფუნქციით.
შემუშავებულია Switchblade 600-ის კიდევ ერთი ვერსია - ექვსმსროლელი, რომელიც ავტო პლატფორმაზე ან დიდ დრონზე დასაყენებლად არის განკუთვნილი. Switchblade 600-ის ზუსტი ღირებულება უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ის ნაკლები ღირს ვიდრე Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთაც შეერთებული შტატები უკრაინას უკვე აწვდის.
უკრაინა - ბრიტანეთის შემდეგ, რიგით მეორე
ამერიკელმა სამხედროებმა Switchblade-ი ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გამოიყენეს, თუმცა ამის აფიშირება არ მომხდარა. დღემდე ეს იარაღი, დიდი ბრიტანეთის გარდა, აშშ-ს არავისთვის მიუყიდია. უკრაინისთვის კამიკაძე- დრონების მიწოდების შესახებ ანგარიშში საუბარია მხოლოდ 100-ცალიან კომპლექტზე. თუმცა შესაძლებელია, ეს მხოლოდ პირველი პარტია იყოს.
Switchblade-ის მაღალეფექტიანობის დამადასტურებელი ანგარიშების გარდა, კამიკაძე- დრონებზე არსებული საჯარო ინფორმაცია ძალიან მწირია. უცნობია, რამდენი ასეთი კომპლექტია შეერთებული შტატების საწყობებში, რამდენად სწრაფად შეუძლია AeroVironment-ს ახალი მოდელების წარმოება და რა დრო დასჭირდებათ უკრაინელ სამხედროებს, რომ ამ იარაღის გამოყენება ისწავლონ.





