არჩევნები ბულგარეთში - რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ევროკავშირისა და უკრაინისთვის?

ფოტო: shutterstock.com
ბულგარეთი ისევ პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ყველაზე მეტად ერთი რამ სურს - მეტი პოლიტიკური სტაბილურობა. ამ არჩევნების შედეგებს ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რატომ? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
რა ხდება?
ბულგარეთში ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 2 აპრილს ქვეყნის მოქალაქეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთედ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება ახალი პარლამენტის შემადგენლობა. პოლიტიკურად ბულგარეთი ბევრად არასტაბილურია, ვიდრე - ევროკავშირის ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვერცერთი საარჩევნო პროცესის შედეგად ვერ მოხერხდა ეფექტური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ამავდროულად, ელექტორატში ღრმა აპათიის ნიშნები შეიმჩნევა, ქვეყანაში კი ისევ კორუფცია და მზარდი ინფლაციაა.
გამოკითხვების მიხედვით, უმრავლესობას ამჯერადაც ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს. ამავდროულად, არჩევნების წინა დღეს დამკვირვებლები სვამენ ორ კითხვას: მოახერხებს თუ არა გამარჯვებული პარტია სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგები ბულგარეთის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის პოლიტიკაზე.
ორი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე
დღეისათვის, ბულგარეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა პროევროპულად განიხილება. ერთი მხრივ, ეს არის ალიანსი პარტიებისა - „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და „დემოკრატიული ბულგარეთი“, მეორე მხრივ კი - უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“. ამ უკანასკენლს ხელმძღვანელობს ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი, რომელიც ქვეყნის მთავრობის მეთაური 2009-დან 2021 წლამდე თითქმის უწყვეტ რეჟიმში იყო.
ლიბერალური პარტიის „შეინარჩუნე ცვლილებები“ ლიდერი კირილ პეტკოვი 2022 წელს ბულგარეთის პრემიერმინისტრი რამდენიმე თვით იყო. ის „დემოკრატიულ ბულგარეთთან“ თანამშრომლობით შექმნილ კოალიციურ მთავრობას ედგა სათავეში. თუმცა პეტკოვის მთავრობა იძულებული გახდა პარტიის - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ მიერ ინიცირებული უნდობლობის გამოცხადების შედეგად გადამდგარიყო.
ნომინალურად, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ ითვლება კონსერვატიულ პროევროპულ პარტიად, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენელობაშია. თუმცა წლების განმავლობაში, კრიტიკოსები ამ პარტიას კორუფციაში, კანონის უზენაესობის დარღვევასა და დამოუკიდებელ სასამართლოებზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ბოიკო ბორისოვს ოპონენტები ბულგარეთის შიდაპოლიტიკურ არეულობაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ.
პრეზიდენტის გავლენის ზრდა
საყვედური იმის შესახებ, რომ მანაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ბულგარეთის ღრმა შიდა პოლიტიკურ განხეთქილებაში, ქვეყნის პრეზიდენტის - რუმენ რადევის მიმართაც ხშირად ისმის. თავისი შეხედულებებით, ის ბულგარეთის სოციალისტურ პარტიასთან არის დაახლოებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიცია დიდწილად წარმომადგენლობითი ფუნქციებით არის დატვირთული, ბოლო წლებში მისი პოლიტიკური გავლენა გაიზარდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესია რადევს დღემდე უპირობოდ არ დაუგმია. ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ ბევრი ბულგარელის ტრადიციული მეგობრული დამოკიდებულების გათვალისწინებით მიიღო. უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ჩატარებულ საჯარო გამოკითხვებში არსებული მკვეთრი განსხვავება ასევე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე ქვეყნის მოსახლეობაში ერთიანი აზრი არ არსებობს.
ამით კი პრორუსული პარტიები აშკარად სარგებლობენ. ერთ-ერთი მათგანია „აღორძინება“, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, აქვს ყველა შანსი ახალ პარლამენტში მესამე ან მეოთხე პოლიტიკურ ძალად შევიდეს. მასთან ერთად კი იქნება პარტია „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“, რომელიც ოფიციალურად თურქული უმცირესობის ინტერესებს წარმოადგენს.
ბულგარეთის არჩევნები და უკრაინა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში (უნგრეთის გარდა) უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი ისეთივე საკამათო იყოს, როგორც - ბულგარეთში. თუ რამდენად განსხვავებულია ამ თემასთან დაკავშირებით ბულგარელების შეხედულებები, გერმანული გაზეთის - Die Welt გამოკითხვამ აჩვენა. 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით - „ბულგარეთი: ქვეყანა, რომელმაც ფარულად გადაარჩინა უკრაინა“, განხილული იყო, თუ როგორ უწევდა პეტკოვის მთავრობა უკრაინას საიდუმლო არხებით სამხედრო დახმარებას. ეს საკითხი ქვეყანაში დღემდე მწვავე დისკუსიებს იწვევს.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორის, ფილიპ ვოლკმან-შლუკისთვის აშკარაა, რომ ევროპის ინტერესებში შედის არჩევნების შემდეგ ბულგარეთში სტაბილური სიტუაცია. „უკრაინაზე პუტინის თავდასხმისთანავე ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ ბულგარეთი ევროკავშირში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით ეხმარება. ამასთანავე, მას შავ ზღვაზე სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ევროკავშირის ენერგორესურსებით მომარაგების მნიშვნელოვანი ცენტრია“, - ამბობს ვოლკმან-შლუკი DW-სთან ინტერვიუში.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორი სოფიაში, ვესელა ჩერნევა შეშფოთებით ადევნებს თვალს, თუ როგორ ხდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა. „ისეთი პარტიები, როგორიცაა „აღორძინება“, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ან თუნდაც ქვეყანაში ევროს შემოღებას ეწინააღმდეგებიან. მათ ბულგარეთში ანტიდასავლური ნარატივი სოციალურად მისაღები გახადეს. ამავე დროს, ისეთი ცენტრისტული პარტიები, როგორიცაა - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“, ამ რიტორიკას არ ეწინააღმდეგებიან. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე“, - ამბობს პოლიტოლოგი. თუმცა მას მიაჩნია, რომ ბულგარეთის საზოგადოება ბევრად უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე - პოლიტიკური ელიტა და უფრო საღად აზროვნებს.
ბულგარეთს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება
თუმცა ბულგარელებს ორწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობის მწარე გამოცდილება აქვთ. ამიტომაც პოლიტოლოგები იმედოვნებენ, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდება. „არც პოლიტიკოსებს და არც ამომრჩევლებს არ სურთ ამ არასტაბილურობის გაგრძელება. ამიტომაც პოლიტიკოსებზე ზეწოლა, რათა მათ რეგულარული მთავრობა ჩამოაყალიბონ, ძალიან ძლიერი იქნება“, - ამბობს პოლიტოლოგი დანიილ სმილოვი.
ეჭვგარეშეა, რომ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ, ბულგარეთში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება იოლი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები და პოლიტოლოგები არ არიან ერთსულოვნები, თუ როგორ შეიქმნება ახალი მთავრობა, ისინი ერთ საკითხზე ნამდვილად თანხმდებიან: ომის, მზარდი ინფლაციის, სოციალური უთანასწორობის, არათანმიმდევრული მთავრობებისა და პრეზიდენტის მზარდი გავლენის ფონზე, ბულგარელებს სასწრაფოდ სჭირდებათ წესრიგი და ენერგიული, დემოკრატიული გზით არჩეული, ლეგიტიმური მთავრობა.





