90 წლის ობი აუქციონზე 15 ათას დოლარად გაიყიდა
ტექნოლოგიები

Bonhams
ბრიტანეთის აუქციონის სახლმა Bonhams-მა 11 875 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 15 ათასი დოლარი) გაყიდა 90 წლის გამხმარი ობი შოტლანდიელი ბაქტერიოლოგის ალექსანდრ ფლემინგის ლაბორატორიიდან. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღწერის თანახმად, ობი შუშის ქილაშია, ხოლო ქილის ძირში თავად ფლემინგის ჩანაწერია, სადაც მეცნიერი წერს, რომ პირველად პენიცილინი სწორედ ამ ობისგან მიიღო. მყიდველის ვინაობა უცნობია.
პენიცილინის აღმომჩენმა ობის ფრაგმენტები რამდენიმე ათეულ ასეთ ქილაში განათავსა და მათ საჩუქრად უგზავნიდა ისეთ ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ რომის პაპი პიუს XII, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი და გერმანელი მსახიობი მარლენ დიტრიხი.
პენიცილინი ფლემინგმა 1928 წელს, თავის ლაბორატორიაში, ცდების დროს აღმოაჩინა.





