imedi
Wikipedia-ს დამფუძნებელი ყალბ სიახლეებთან ბრძოლისთვის ახალ სერვისს ქმნის
ტექნოლოგიები

ჯიმი უეილსი
Wikipedia-ს დამფუძნებელი, ჯიმი უეილსი ონლაინ სერვისის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანი ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა და მედიისადმი სანდოობის გამყარება იქნება. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.
Wikitribune - ტრადიციული მედიისა და Wikipedia-ს ჰიბრიდია, რომელშიც ინფორმაციის დამატებას ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს. უეილსის თქმით, მისი ახალი პროგრამა პროფესიონალმა ჟურნალისტებმა მოხალისეებთან ერთად შექმნეს და მასალებიც გაცვალეს. "ისინი ერთად იმუშავებენ, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორები", - აცხადებს უეილსი.
Wikipedia-მ უკვე დაიწყო 30-დღიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს ხელფასს გადაუხდიან. კომპანია თავიდან ათ ჟურნალისტს აიყვანს, შემდეგ კი მათი რიგები გაფართოვდება.
უელსის თქმით, Wikitribune ყველაზე აქტუალურ ამბებზე კონცენტრირდება და ჟურნალისტები ისეთ ინფორმაციას შეარჩევენ, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია.
"ყალბი ახალ ამბებთან“ ბრძოლაზე დისკუსია დიდი ხნის დაწყებულია. ტერმინი Fake News-ი განსაკუთრებით 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დამკვიდრდა.
Wikipedia-ს გარდა, ყალბი ცნობების გაშიფრვაზე Google და Facebook-იც მუშაობს. მრავალი დისკუსიის შემდეგ, Facebook-მა გაუშვა ყალბი ინფორმაციის ტეგი, რომლითაც საეჭვო ვებგვერდები და ბმულები ინიშნება. ახალი ფუნქცია დაემატა Google-საც, რომელიც მომხმარებელს ამა თუ იმ ფაქტის გადამოწმებას სთავაზობს.





