imedi
ინტერპოლმა აზიის ქვეყნებში 9 ათასამდე უკანონო სერვერი აღმოაჩინა
ტექნოლოგიები

ინტერპოლის კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ჯგუფმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 9 ათასამდე სერვერი აღმოაჩინა, რომელზეც ჰაკერული პროგრამები და უკანონო კონტენტის შემცველი ასობით ვებგვერდია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპოლი ავრცელებს.
ინტერპოლის ცნობით, აღნიშნულ სერვერზე განთავსებულ პროგრამებს ჰაკერები საფინანსო ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. მათი ფუნქცია ასევე იყო მომხმარებლების მიერ საკუთარ კომპიუტერებზე წვდომის შეზღუდვა - ჰაკერები პროგრამების გამოყენებით ბლოკავდნენ კომპიუტერებს, ბლოკის მოხსნისთვის კი გამოსასყიდს ითხოვდნენ. სერვერებს ასევე იყენებდნენ ე.წ. DDoS-შეტევებისას და სპამების გასავრცელებლად.
ინტერპოლის განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილ სერვერებზე განთავსებულია 270-მდე ვებგვერდი, რომელიც კომპიუტერისთვის მავნე კოდებს შეიცავს. ვებგვერდებს შორის სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების სახელწოდებით შექმნილი საიტებიცაა, რომელზე შესვლისასაც კიბერთავდამსხმელები მომხმარებელთა პირად ინფორმაციას იპარავდნენ.
აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ ინტერპოლის თანამშრომლები ჩინეთიდან, ინდონეზიიდან, მალაიზიიდან, ფილიპინებიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან და ვიეტნამიდან.





