imedi
21 აპრილს თბილისში 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართება
ტექნოლოგიები

21 აპრილს, თბილისში 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართება. ინფორმაციას TBC ბანკი ავრცელებს. ღონისძიება დაანონსებულია Facebook-ზეც.
ჰაკათონი 17:30 საათზე სასტუმრო "რუმსში" დაიწყება და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები, რომლებიც განავითარებენ კრეატიულ იდეებსა და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.
ჰაკათონის მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.
სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს იმფაქთ ჰაბის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და სხვადასხვა საჩუქარს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირებულია ასამდე ადამიანი.
TBC ბანკის განცხადებით, "Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ."
პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, "თიბისი ბანკი" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.





