imedi
დიდ ბრიტანეთში 90 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა სქესი შეიცვალა
ტაბლოიდი
დიდ ბრიტანეთში 90 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა სქესი შეიცვალა, - იუწყება The Daily Telegraph. რამდენიმე წლის წინ ლესტერშირის საგრაფოს მცხოვრებმა პიტერ დევისმა (Peter Davies) სახელი პატრიცია შეარჩია, დოკუმენტები შეიცვალა და ჰორმონოთერაპია გადაწყვიტა.
„მე თანდათანობით ვუთხარი ამის შესახებ მეზობლებს, იხსენებს დევისი, ყველამ მითხრა: არ ინერვიულო, რადგან ეს შენ ბედნიერს გაგხდისო“.
ადრეული ბავშვობიდან ის გრძნობდა, რომ სხვა ბიჭებს არ ჰგავდა, თუმცა ამის აღიარება იმ დროს არც ისე უსაფრთხო იყო. „ადამიანებს არ ესმოდათ, რას ნიშნავდა ტრანსგენდერი. პროფესიონალ მედიკებსაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა“, - ამბობს დევისი. იმ დროს მას ამისთვის ელექტროშოკით მკურნალობა და პატიმრობა ელოდა. „მათ ეგონათ, რომ ამით ადამიანებს გამოასწორებდნენ და ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს ავადმყოფობა არ იყო“, - აღნიშნა მან.
1945 წელს 18 წლის პიტერი არმიაში გაიწვიეს. როცა გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ის შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს, სადაც მიმდინარეობდა ომი იაპონიასთან, შემდეგ კი ინდოეთთან. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ის პალესტინასა და ბრიტანეთის კოლონიებში აფრიკის აღმოსავლეთში მსახურობდა.
ომის შემდეგ კაცმა მუშაობა ფოტოგრაფად დაიწყო და ცოლი მოიყვანა. მათი ქორწინება ბედნიერი გამოდგა და 63 წელი გაგრძელდა. 60 წლის ასაკში მან ცოლს თავისი საიდუმლო გაანდო. ცოლმა ქმარს გაუგო და გადაწყვიტა დახმარებოდა, ისე, რომ მის ტრანსგენდერობას დიდად ხაზს არ უსმევდა. ასე გაგრძელდა 6 წლის განმავლობაში, ვიდრე გარდაიცვლებოდა.
2015 წელს დევისმა ნახა ბრიტანული სერიალი Boy Meets Girl, სადაც მთავარ როლს თამაშობდა ტრანსგენდერი ქალი მსახიობი რებეკა რუტი (Rebecca Root). ამან პიტერი დაარწმუნა, რომ ამ საკითხისადმი საზოგადოების მიდგომა შეცვლილი იყო და სქესის შეცვლა გადაწყვიტა.
„ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შვება ვიგრძენი, აქამდე სრულ ტყუილში ვიცხოვრე“, - თქვა პატრისიამ.





