იაპონელებს კარგი ძილისთვის დაასაჩუქრებენ
ტაბლოიდი

ფოტო: shutterstock.com
იაპონური კომპანიის Crazy Inc-ის თანამშრომლებს კარგი ძილისთვის დაასაჩუქრებენ. ამისთვის კი არც მეტი, არც ნაკლები დღე-ღამეში სულ მცირე 6 საათი ძილია საჭირო. კომპანია თანამშრომლებს ძილში გატარებული ამ საათებისთვის ქულებს დაურიცხავს, რომლებსაც შემდეგ თანამშრომლები კომპანიის სასადილოში დახარჯავენ. ამ უცნაური ინიციატივის შესახებ AsiaOne-მა დაწერა.
ძილში გატარებულ დროს კი სმარტფონებზე სპეციალური მოწყობილობის დახმარებით გააკონტროლებენ.
ინიციატივა კომპანიის დამფუძნებელს კაზუხიდო მორიამის ეკუთვნის. მორიამი ამბობს, რომ თუკი თანამშრომელს კარგად სძინავს, ის დასვენებულია და შესაბამისად კარგადაც მუშაობს.
ბევრ იაპონურ კომპანიაში ადამიანები დასაშვებზე მეტ დროს სამსახურში ატარებენ, სტრესისა და გადატვირთული რეჟიმის გამო კი სიკვდილიანობის რიცხვიც გაიზარდა.
მიმდინარე წლის მაისში იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც თვეში 100 საათზე მეტი დროით მუშაობას კრძალავს.





