imedi
ბრიტანეთში სამსახურებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის აკრძალვას ითხოვენ
ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის აკრძალვასთან დაკავშირებით პეტიციის განხილვას გეგმავს. ონლაინ პეტიციას ხელს 152 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. ინფორმაციას Usatoday ავრცელებს.
პეტიციაზე ხელისმომწერებს სურთ, რომ კორპორაციული დრესკოდი ქალებს არ ავალდებულებდეთ სამსახურებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულს.
პეტიციის ინიციატორი 27 წლის ბრიტანელი ნიკოლა ტორპია, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება 2016 წლის მაისში დაიწყო. ონლაინ პეტიციის გაკეთების მიზეზი კი მისი სამსახურიდან გათავისუფლება გახდა. ერთ დღეს ის სამსახურში არ მივიდა ქუსლიანი ფეხსაცმლით, რის გამოც ნიკოლას სამსახურის დატოვება მოსთხოვეს.
ჯერ კიდევ 2016 წელს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტს არაერთმა ახალგაზრდა ქალმა მიმართა მსგავსი პრობლემით. მომჩივანთა ნაწილი იმასაც აპროტესტებდა, რომ სამსახურებში მათ თმის შეღებვას, ღია სამოსის ჩაცმასა და მაკიაჟის მუდმივად განახლებას სთხოვდნენ.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, არცერთ დამქირავებელს არ აქვს უფლება ორგანიზაციაში ჰქონდეს გენდერული დისკრიმინაციული პოლიტიკა.





