პაატა კუპატაძე
სალვადორელი ბეჰემოტის მკვლელობის ფაქტი არ დადასტურდა
ტაბლოიდი

სალვადორში, ნაციონალურ ზოოპარკში მობინადრე ბეჰემოტ გუსტავიტოს სიკვდილის მიზეზის დადგენას ცდილობენ. ცხოველის გაკვეთის შედეგად მისი მოკვლის ვერსია გამოძიებამ გამორიცხა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ცხოველი თავდასხმას ემსხვერპლა. მათი თქმით, ბეჰემოტს სასტიკად სცემეს და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს პროკურორი მარიო სალაზარი. მისი თქმით, ცხოველს ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნება და ის, სავარაუდოდ, სისხლჩაქცევით დაიღუპა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 წლის ბეჰემოტი თავდასხმას ემსხვერპლა, გასულ კვირას გავრცელდა და მთელი ცივილიზებული სამყარო შეძრა. პოლიცია ცხოველის დაღუპვის მიზეზის დადგენას შეეცადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბეჰემოტის ვოლიერთან სათვალთვალო კამერა დაყენებული არ იყო.
ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს სალვადორის კულტურის მინისტრი. სილვია ელენა რეგალადოს თქმით, ბეჰემოტის გაკვეთის შემდეგ თავდასხმის ვერსია გამოირიცხა. ცხოველი, სავარაუდოდ, მიღებული სტრესის შედეგად დაიღუპა.





