გერმანელი სანიტარი პაციენტისთვის ჰიტლერის ულვაშის მიხატვის გამო მოხსნეს
ტაბლოიდი

გერმანელი სანიტარი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის შემდეგ, რაც მან კომაში მყოფ პაციენტს ადოლფ ჰიტლერის მსგავსი ულვაში მიახატა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ინციდენტი დეკემბერში მოხდა, მაგრამ მედიისთვის ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. Daily Mail-ის ცნობით, სამედიცინო მუშაკმა თომას ვაგნერმა ლურჯი კალმით ჰოსპიტალიზებულ კაცს ულვაში მიახატა და ამის შემდეგ, სურათი თავის კოლეგებს WhatsApp-ის ჩატში გაუგზავნა, წარწერით: „მსხვერპლი ნომერი პირველი. დღეისთვის: მოდური წვერი“.
გარდა ამისა, სანიტარმა ატვირთა ვიდეო, სადაც მწოლიარე პაციენტს დასცინოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, კაცმა კოლეგებს მიწერა, რომ არასამართლიანად მოიქცა და სთხოვა გაგზავნილი ვიდეო წაეშალათ.
მიუხედავად თხოვნისა, სურათები და ვიდეო ხელმძღვანელობამდე მივიდა და ვაგნერი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.





