ლიპარტელიანი ძიუდოს ფედერაციას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს
სპორტი
ძიუდოისტების ის ნაწილი, რომელიც დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საჯაროდ დაუსვა კითხვები დავით ქევხიშვილს ფედერაციაში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. ძიუდოისტები ფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანენ.
„ქევხიშვილმა არაერთხელ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას, თუმცა საჯაროდ ყოველთვის ამბობდა, რომ ამისთვის მზად იყო. სად წავიდა ის თანხა, რომელიც სპორტსმენების მიერ მოპოვებული ლიცენზიით, 85 ათასი ლარი ფედერაციას ჩაერიცხა თითო სპორტსმენზე? სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასებიდან 10%?“ - ამ კითხვებზე პასუხებს სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტისგან ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტების ნაწილმა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციასთან აქცია გამართა. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.
თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.





