საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო
სპორტი

ფოტო: Facebook
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. ადგილზე შეკრებილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მათი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ასევე, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მაშინ, როცა ფეხბურთის გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლება არ მიეცათ, სხვა პირების სტადიონზე ყოფნა უსამართლობაა.
აქტივისტები ფედერაციაში დაფუშული ბურთის, წითელი ბარათისა და ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, თუმცა, ფედერაციის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის, ფედერაციასთან სიმშვიდეა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
გუშინ „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. საქართველო ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.





