კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე: ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მოგცემს იმას, რომ სუნი, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მოწესრიგდეს. პრობლემა ნაჟური წყლებისა, რომლებიც პირდაპირ არხში ჩაედინებოდა, იქნება მოწესრიგებული, ამისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია
საზოგადოება

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების უკმაყოფილების, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისი მერმა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელზე საუბრისას.
მისივე თქმით, ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ტერიტორიის მოსაძიებლად კვლევები ჩატარდა.
„ამ ადამიანების მოთხოვნა იყო, რომ მოგვეძებნა ალტერნატიული ტერიტორიები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, დავპირდით, რომ ავიყვანდით უცხოურ კომპანიას, რომელიც ჩაატარებდა მოკვლევას და გვექნებოდა სრული შედეგი.
შესაბამისად, ავიყვანეთ გერმანული კომპანია და მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო მოძიების სამუშაოები. თავდაპირველად იყო 12 ტერიტორია და შემდეგ სამ კონკრეტულ ადგილამდე დავიდა კვლევითი სამუშაოები და საბოლოო ჯამში, ყველაფერზე დაყრდნობით მიღებულ იქნა, რომ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ალტერნატივა", აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელზე ხორციელდება.
„ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მოგცემს იმას, რომ სუნი, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მოწესრიგდეს, პრობლემა ნაჟური წყლებისა, რომლებიც პირდაპირ არხში ჩაედინებოდა, იქნება მოწესრიგებული, ამისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





