გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ყაზახეთის „ყაზჰიდრომეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკურ სახელმწიფო საწარმო „ყაზჰიდრომეტის“ გენერალურმა დირექტორმა, დანარა ალიმბაევამ, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.
„თანამშრომლობა ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ტექნოლოგიების, ამინდის რიცხვითი პროგნოზირების, კლიმატის ანალიზისა და პროგნოზირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შეფასებას, ასევე, აგრომეტეოროლოგიურ და გარემოსდაცვით მონიტორინგს.
მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების გამოქვეყნებას, ექსპერტულ შეხვედრებს, კონსულტაციებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




