კახა კალაძე: გარე ვაჭრობა არის დაუშვებელი, ვიზუალური თვალსაზრისითაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ვინც დღის განმავლობაში ფეხით გადაადგილდება, მათთვისაც პრობლემას წარმოადგენს და გვინდა ამ ყველაფრის მოწესრიგება
საზოგადოება

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
გარე ვაჭრობა არის დაუშვებელი, ვიზუალური თვალსაზრისითაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, ადამიანებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში ფეხით გადაადგილდებიან, მათთვისაც პრობლემას წარმოადგენს და გვინდა ამ ყველაფრის მოწესრიგება, - განაცხადა გადაცემაში „იმედიLIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ გარე მოვაჭრეების საკითხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მერიას სურს, რომ უზრუნველყოს ისეთი სივრცეების მოწყობა, სადაც მოვაჭრეები მოწესრიგებულად შეძლებენ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას.
„მესმის იმ ოჯახების, რომლებისთვისაც ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ძალიან უჭირთ ამ ოჯახებს და სწორედ ამიტომ ეწევიან ამ საქმიანობას. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ ის ფიქრი, რომ შეძლებენ ქუჩაში გამოსვლას, ნებისმიერ ადგილზე დადგომას და კონკრეტული პროდუქტებით ვაჭრობას.
გვინდა ცივილიზებულად გავაკეთოთ ეს. შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილებს, რომლებსა ჩვენ თვითონ მოვაწყობთ, მოვაწესრიგებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცივილიზებული ხასიათი მივცეთ ამ ყველაფერს.
კონკრეტულ რაიონებში არის ე.წ. ბაზრობები, სადაც ადამიანები ეწევიან თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას, აქაც დავეხმარებით, ყველა რაიონში ადამიანებს მივცემთ შესაძლებლობას, გვექნება კომუნიკაცია აღნიშნული ე.წ. ბაზრობების ხელმძღვანელობასთან და დავეხმარებით ყველანაირად. თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ ამ ბაზრობებში გააგრძელოს თავისი სავაჭრო საქმიანობა, იქ დავეხმარებით, ან კონკრეტული სივრცეები გვექნება, სადაც შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას კვირის კონკრეტულ დღეებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ბაზრობების მოსაწყობად მოიძებნება ისეთი სივრცეები, სადაც ბევრი ადამიანი გადაადგილდება.





