სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, COP17-ის ფარგლებში, მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის სფეროში საქართველოს გამოცდილება წარმოადგინა
საზოგადოება

ფოტო: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია
ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თესლის გენბანკის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ საერთაშორისო შეხვედრებსა და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე თამარ ჯინჯიხაძემ პრეზენტაცია გამართა - „მრავალმხრივი თანამშრომლობა მცენარეთა კონსერვაციისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის - მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელება“, რომელშიც საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების სარგებლის განაწილების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შედეგები, მიღებული გამოცდილება და ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მხრივ გატარებული საქმიანობა წარმოადგინა.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. განხილული საკითხები უკავშირდებოდა კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის (KMGBF) მიზნებს.
თამარ ჯინჯიხაძემ მონაწილეობა მიიღო ასევე თემატურ დისკუსიაში „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების გამოყენება KMGBF-ის განხორციელების ხელშესაწყობად“. დისკუსიის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა გენბანკებსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ადგილობრივი ჯიშების უშუალოდ მეურნეობებში შენარჩუნებისა და ტრადიციული ცოდნის გამოყენების მნიშვნელობაზე.
მცენარეთა გენეტიკური რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოებისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. მათი ეფექტიანი კონსერვაცია მოითხოვს როგორც გენეტიკური მასალის დაცვას გენბანკებში, ისე ადგილობრივი ჯიშების გავრცელებისა და მეურნეობებში გამოყენებისთვის ხელშეწყობას.





