17-18 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ გაიმართება
საზოგადოება

ფოტო: თბილისის მერია
17-18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ გაიმართება, რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფესტივალმა წელს საერთაშორისო კონკურსზე Acanthus Prize-ის უმაღლესი - ოქროს ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში „საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება“. ჯილდოს საერთაშორისო გაერთიანება „ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი“ (ERHG) გასცემს. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს ფესტივალის მნიშვნელობას ქართული ხორბლისა და ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
„ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პურის ცხობის მასტერკლასები, შემეცნებითი და საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა მეწარმეთა სივრცე და ცოცხალი მუსიკალური პროგრამა. სტუმრები გაეცნობიან ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებს, ბოტანიკური ბაღის მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთსა და პურის ცხობის უძველეს ტრადიციებს.
ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი, მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ქართული აგროკულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.
საკონტაქტო პირი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებათა ურთიერთობისა და ღონისძიებების მენეჯერისოფო მეტრეველი: 595 62 56 20“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





