მიხეილ ყაველაშვილი: ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო
საზოგადოება

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება, - წერს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.
„გილოცავთ ერეკლეობას! მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება.
ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.
ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას, საქართველოს მომავალი დაჰფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას.
სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც – მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა, გამბედაობასთან ერთად, მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.




