ტელეკომპანია „იმედმა“ Meta-ს დუბლინის ოფისს ოფიციალური წერილი გაუგზავნა
საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედმა“ Meta-ს დუბლინის ოფისს ოფიციალური წერილი გაუგზავნა:
„ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი გვერდები და არხები სოციალურ ქსელებში განთავსებულია „მეტას“ პლატფორმაზე: Facebook და ინსტაგრამი.
სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ხორციელდება ორგანიზებული შეტევები: იგზავნება ყალბი რეპორტები, ყალბი ანგარიშებით/ექაუნთებით და მიზანი არის საქართველოში მაყურებლისთვის ყველაზე სანდო და მაღალრეიტინგული ტელეარხის, „იმედის“ დისკრედიტაცია და ა.შ.
სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება არის ჩვენი არხის სანდოობისა და რეიტინგის მთავარი გარანტი. მათ შორის ტელეარხის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებით. ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რეპორტების გამო უსამართლოდ შეგვეზღუდა გარკვეული ფუნქციები, მათ შორის გაგვიქრა ჩვენი ფეისბუქ გვერდი 3 დღით. სამწუხაროდ, ამის მიზეზიც დღემდე არ ვიცით.
ყალბი რეპორტების ხარჯზე ხშირად ხდებოდა სარეკლამო ანგარიშის დაბლოკვაც. მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ დრომდე ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს, თქვენი პლატფორმის დახმარების ცენტრის (Support team) საშუალებით ვაგვარებდით. გვქონდა მათთან აქტიური კომუნიკაცია და ყალბი რეპორტებით გამოწვეულ შეზღუდვებს უმრავლეს შემთხვევაში ვუმკლავდებოდით. თუმცა სამწუხაროდ, რაც ვერ შეძლეს ორგანიზებული ყალბი რეპორტებით, შეძლეს Factchecker-ების
დახმარებით, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია აბსურდულ სტატიებს წერენ ჩვენზე და ფეისბუქ გვერდზე false information claim-ს აგზავნიან.
საქართველოში ოპერირებდა ორი ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო ფაქტების გადამოწმების პროგრამის ლიცენზია(IFCN). ესენი იყვნენ: factcheck.ge და mythdetector.com . ბოლო დროს გამოჩნდა ახალი ორგანიზაცია geofacts.ee, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები factcheck.ge-ს გუნდის ყოფილი წევრებისგან შედგება, რომლებიც სულ რაღაც 2 თვის წინ ჯერ კიდევ იქ მუშაობდნენ. ეს ორგანიზაციები არიან მიკერძოებულები, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და წარმოადგნენ ცალსახად მხარეს. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის ის, თუ როგორ ესხმის თავს ერთ-ერთი ამ ორგანიზაციის დირექტორი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური ნიშნით. გარდა ამისა, მათი სტატიების 99% არის ჩვენს წინააღმდეგ.
ვცადეთ მათი ვერდიქტების გასაჩივრება, თუმცა, ყოველ ჯერზე მათგან ვიღებდით უარს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში და ვერდიქტებში. მათ აქვთ პოლიტიკური შეხედულებები, რომელსაც საჯაროდაც აფიქსირებენ და მათი მიზანი არის ჩვენი ფეისბუქ გვერდის საბოლოოდ წაშლა. ბოლოს გასაჩივრებულ ვერდიქტებზე, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, გადაწყვიტეს, რომ არ შეგვხვედროდნენ და თავად ემსჯელათ ჩვენს საჩივარზე. ასეთ პირობებში ფიზიკურად შეუძლებელია მიაღწიო სამართალს.
საბოლოოდ მათ შეძლეს და ტელეკომპანია „იმედის“ გვერდს შეუზღუდეს რეკლამის (Promoting/Boosting) ფუნქცია, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებდით, ასევე გვერდს შეუზღუდეს აუდიტორიისთვის გვერდის შეთავაზების (recommendation) ფუნქცია და გვერდი ამ ეტაპზე უფუნქციოა. გვერდი 2012 წლიდან არსებობს და ამ დროის განმავლობაში აქტიურად ვზრდიდით აუდიტორიას და წარმოვადგენდით სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროს „ფეისბუქზე“, თუმცა თუ შეზღუდული გვექნება ყველა ფუნქცია, სამწუხაროდ, ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ.
ჩვენ გვინდა, რომ ამ ორგანიზაციებმა შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტებით მუშაობა და გვქონდეს საშუალება დავიბრუნოთ ჩვენი გვერდი იმ მდგომარეობაში, რომელშიც რეალურად უნდა იყოს, რომ არა მათი მიკერძოებულობა, რადგან ასეთ პირობებში რამდენი ახალი გვერდიც არ უნდა გავაკეთოთ, მათი მიდგომა არ შეიცვლება და ჩვენ ყოველთვის მათი სამიზნე ვიქნებით.
„იმედს“ არაერთი მძიმე დღეც ახსოვს, წინა ხელისუფლების პირობებში. ქვეყნის უახლეს ისტორიაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები არხს პირდაპირ შეეხო. 7 ნოემბერი - მშვიდობიანი აქციის დარბევა, საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შემოჭრით დასრულდა. დაარბიეს ტელევიზია და დაამტვრიეს აპარატურა. გათიშეს მაუწყებლობა.
ამ მოვლენებიდან მალევე არხის მფლობელებს ტელეკომპანია წაართვეს და ის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა. დაკარგული არხი მფლობელებმაც და საზოგადოებამაც მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიბრუნეს.
,,იმედი” 21 წელია სატელევიზიო სივრცეშია და უპირობო ლიდერია! ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.
საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. დღეს „იმედი“ ყველაზე სანდო და რეიტინგული არხია ქართულ ტელე და რადიოსივრცეში.
საქართველოში მოქმედი რეიტინგების დამთვლელი ორივე კომპანიის მონაცემებით, „იმედი“ სატელევიზიო სივრცის უპირობო ლიდერია“.





