ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა „ხიდი“ გაიმართა
საზოგადოება

ფოტო: აფხაზეთის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა „ხიდი“ გაიმართა. ექსპოზიციას დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გახსნის ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გური ბაქრაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებას გამოფენის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნების, კულტურისა და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჯგუფური გამოფენა „ხიდი“ ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. მასში ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი.
დამთვალიერებლებს შორის ადგილობრივი მოსახლეობა, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ტურისტები და სხვა მოწვეული სტუმრები იყვნენ. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის კულტურული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





