„ფეისბუკში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე წვდომა აღდგა
საზოგადოება

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა დაახლოებით საღამოს ათის ნახევრისთვის აღდგა.
როგორც გაირკვა, ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“ ჰქონდა გლობალური ხარვეზი, რის გამოც პრობლემა არაერთ სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმას შეექმნა. მანამდე BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook-მა ქალაქ დორსეტის ადგილობრივი ხელისუფლების ფეისბუქ-გვერდი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაშალა. ქალაქის საბჭოს გვერდი ერთი კვირის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი.
მსგავსი პრობლემა შეექმნა ვაშინგტონის საჯარო ბიბლიოთეკასაც, DC Public Library-ს, რომლის ფეისბუქ-გვერდი გარკვეული დროის განმავლობაში არ იძებნებოდა.
ამ დროისთვის „იმედის“ ფეისბუქ-გვერდზე ხარვეზი აღმოფხვრილია და შეუფერხებლად მუშაობს. „იმედის“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ნახვა შეგიძლიათ მხოლოდ ამ ბმულზე.
ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა დღეს, 28 ივნისის დაახლოებით საღამოს ხუთი საათიდან იყო შეზღუდული. გვერდი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მისი ადმინისტრატორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეიზღუდა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც „ფეისბუკზე” ბოლო საათების განმავლობაში განცხადებებს „იმედის“ სახელით აკეთებს. არც ერთ მათგანს „იმედთან“ არანაირი შეხება არ აქვს და ყველა არის ყალბი, ე.წ. „ფეიკგვერდი”.
იმედის ოფიციალური “ფეისბუკგვერდის” გარდა ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “იმედის” ვებ-გვერდზე - „იმედი.ჯი”, „იმედინიუს.ჯი“ და „იმედის“ იუთუბ არხზე.





