ქარელში დაშავებულ „მთავარი არხის“ ოპერატორს ზედაპირული დაზიანებები და სახსრის ღრძობა დაუდგინდა, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გაწერეს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI
ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერატორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მას მძიმე დაზიანებები არ აქვს. ლევან აბლოთია მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
„შემოვიდა პაციენტი სადღაც 00:40 საათზე, გაეწერა 09:00 საათზე. ამ პერიოდში ჩატარდა ძალიან ბევრი კვლევა და დადგინდა მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები და სახსრის ღრძობა. რაიმე მოტეხილობა ან შინაგანი ორგანოს დაზიანება არ იყო აღმოჩენილი. პაციენტი გავწერეთ ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი კორძახიამ.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.





