მიხეილ ჩხენკელი: Microsoft-ის ხელმძღვანელობამ საქართველოში დისტანციური სწავლების მეთოდს ძალიან მაღალი შეფასება მისცა
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: განათლების სამინისტრო
„მინდა, დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ Microsoft-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა განათლების დარგში ძალიან მაღალი შეფასება მისცა დისტანციური სწავლების მეთოდებს საქართველოში“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დისტანციურ სწავლებას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენთან საქართველოში, ასევე უცხოელი კოლეგებისგან. ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჩვენმა ღონისძიებებმა უაღრესად პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ, OECD-მ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც საქართველოში გამოწვევების დაძლევის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. ასევე - მაღალლი შეფასება მივიღეთ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისგან.
რამდენიმე დღის წინ Microsoft-მა ჩაატარა პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელიც მიეძღვნა პანდემიის პირობებში განათლების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და მისივე მიწვევით პატივი მქონდა, მიმეღო მონაწილეობა და დეტალურად ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოში გატარდა და მინდა, დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ Microsoft-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა განათლების დარგში ძალიან მაღალი შეფასება მისცა დისტანციური სწავლების მეთოდებს საქართველოში.
ასევე, OECD-ს ხელმძღვანელმა სამიტის მონაწილეებს განუცხადა, რომ საქართველო და ფინეთი არიან ლიდერი ქვეყნები დისტანციური სწავლების ეფექტურად დანერგვისთვის. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება, რაც მთლიანად ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის დამსახურებაა, პირველ რიგში კი, ჩვენი მასწავლებლების და პროფესორების“, - აღნიშნა მინისტრმა.




