სასამართლომ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეში „ბახალა“ უდანაშაულოდ ცნო
სამართალი

გიორგი გიორგანაშვილი
ფოტო: facebook
დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამავე ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.
გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.





