თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა
სამართალი

ფოტო: შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 ივლისიდან მიმდინარე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში ბათუმში სიჩქარის გადაჭარბების 12 462, ქუთაისში - 12 665, თბილისში კი 12 824 შემთხვევა დაფიქსირდა.
2017 წლის 1 ივლისიდან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით ამოქმედდა ე.წ. უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი, რაც პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურებს ითვალისწინებს.





