გიორგი ხუხია
თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს
სამართალი

ფოტო: გიორგი ხუხია
მარნეულის დაკავებული მერი, თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ზვიად ასათიანმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უფლებადამცველი ამ დროისთვის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაშია, სადაც საქმის მასალები ოფიციალურად უნდა გადასცენ.
"თვითონ საკმაოდ მხნედ არის და იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად",- განაცხადა ზვიად ასათიანმა.
მარნეულის მერისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა რუსთავის სასამართლოს დღეს მიმართავს. თემურ აბაზოვის შემთხვევაში მთავარი საგამოძიებო უწყება ყველაზე მკაცრ ღონისძიებას - პატიმრობას მოითხოვს.
რაც შეეხება ბრალდებულ დეპუტატს, აზერ სულეიმანოვს, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს მოითხოვს. თემურ აბაზოვისა და სხვა ბრალდებულების საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება. მარნეულის მერის ინტერესებს ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და ზვიად ასათიანი იცავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.




