პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს’’, ,,მარიხუანას’’ და ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,პრეგაბალინს’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერები ამოიღეს. ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.




