პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი”, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 24 შეკვრად დააფასოეს და სხვადასხვა ადგილებზე განთავსებას გეგმავდნენ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) რაც სასჯელის სახედ და ზომად, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.





