პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან, საავტომობილო გზაზე, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ ადამიანს და მათ შორის ერთ-ერთს, სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენეს.
აღნიშნულით, ბრალდებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და ქვეითთა გადაადგილება, რითაც საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა.
დაკავებულებს ბრალდებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





