დავით ასათიანი ბერა ივანიშვილის სარჩელში მოყვანილ ფაქტებზე: ეს არის პირდაპირ მტკიცებით ფორმაში ფაქტების გავრცელება, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და ეს არის ცილისმწამებლური ფაქტები - მათი უარყოფა არის მოსარჩელის სამართლებრივი მიზანი და ინტერესი
სამართალი

დავით ასათიანი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს არის პირდაპირ მტკიცებით ფორმაში ფაქტების გავრცელება, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და ეს არის ცილისმწამებლური ფაქტები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა, ბერა ივანიშვილის სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველა აღნიშნული ფრაზა და ფაქტის გავრცელება არის ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, მას შესაბამისი დეფინიციები აქვს სისხლის სამართლის კოდექსით და ეს იმას ნიშნავს, რომ ბერა ივანიშვილს აბრალებენ დანაშაულის ჩადენას.
„ამ ტიპის ცილისმწამებლურ ფაქტებზე არის აგებული სარჩელი და მათი უარყოფა არის მოსარჩელის სამართლებრივი მიზანი და ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებზე, რომლებიც თავისი შინაარსით არის დანაშაული ქართული კანონმდებლობით და კიდევ უფრო მძიმეა ამ შემთხვევაში მოსარჩელისთვის, მისი საქმიანი რეპუტაციის და ღირსების შელახვის თვალსაზრისით.
ჩვენ სარჩელშიც ხაზგასმით მივუთითეთ სასამართლოს, რომ ბერა ივანიშვილი არის გამორჩეული თავის სფეროში, ჰყავს ასეულათასობით გულშემატკივარი, მხარდამჭერი, მისი მუსიკალური შემოქმედების თაყვანისმცემელი და მის მიმართ ასეთი ტიპის ბრალდებების გავრცელება, დანაშაულის დაბრალება აბსოლუტურად გაუმართლებელია, რაც გახდა კიდეც სამართალწარმოების დაწყების საფუძველი“, - აღნიშნა დავით ასათიანმა.
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც ესხმიან თავს ბერა ივანიშვილს.
„რაიმე სახის ჩართულობა პოლიტიკურ დისკუსიაში, ან პოლიტიკურ დებატში მისი მხრიდან არ ყოფილა. ერთადერთი ლოგიკური აზრი, თუ რატომ არის ასეთი გაცხოველებული ინტერესი და მის მიმართ ზღვარგადასული ცილისწამების კამპანია, უკავშირდება ერთადერთ გარემოებას, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის ლიდერის შვილი და შესაბამისად, გამოყენებულია სამიზნედ“, - თქვა ასათიანმა.
დავით ასათიანმა ასევე, განმარტა, თუ რატომ შეირჩა მოპასუხე მხარეებად ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „ტვ პირველი“.
„მთელი ეს ცილისმწამებლური კამპანიებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, თავი მოიყარა ამ ორი ტელევიზიის სიუჟეტებში, სადაც ასახულია ყველა ტიპის ბრალდება მის მიმართ და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ამ ორი ტელეკომპანიის მიმართ იქნა წარდგენილი სარჩელები.
ამით მოსარჩელე მიიღებს მის სამართლებრივ დაკმაყოფილებას, რომ ფაქტები, რომლებიც გავრცელდა, იქნას უარყოფილი, დადგინდეს, რომ ეს არის სიცრუე, ცილისწამება და ამით პასუხი გაეცეს ყველა სხვა ადამიანის მხრიდან გამოთქმულ იმავე შინაარსის ბრალდებას“, - დასძინა დავით ასათიანმა.





