სახალხო დამცველი დავითაძეზე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, ოღონდ ერთი რამ არ გაგვიკეთებია - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის უბრალოდ მიუღებელი აღმოჩნდა
სამართალი

ლევან იოსელიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, „ღამის კურიერის“ ეთერში პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატზე ზეწოლა, აპარატის პოზიციას ვერ შეცვლის. იოსელიანის განმარტებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმის ყველა არსებული მასალა და თავისი შეფასება მხარესა და მის ოჯახს უკვე გააცნო.
გარდა ამისა, ლევან იოსელიანის განცხადებით, არსებობს მცდელობა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა თუ სხვა ჯგუფებმა სახალხო დამცველი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.
"დღეს ზეწოლა სახალხო დამცველზე ან მის აპარატზე, რომ ის, რაც კადრებში არის, რაც ჩვენ შევაფასეთ, რაც მხარეს ვუთხარით და მან ჩვენი პოზიცია იცის, ისევე როგორც მისმა ოჯახმა იცოდა ჩვენი პოზიცია, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება. ვერ შეიცვლება გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე ახალ გარემოებაზე, ახალ კადრებზე ან ახალ პერიოდზე მას არ მიუთითებია.
ის, რაზეც მიგვითითა, ჩვენ შევისწავლეთ და ჩვენი შეფასება მათთვის იყო ცნობილი. დღეს არის მცდელობა, რომ რა ინტერესიც არსებობს, სხვადასხვა ჯგუფის, პარტიების თუ ადამიანების მხრიდან ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების შემთხვევაში, რომ სახალხო დამცველი გამოიყენონ ამაში ინსტრუმენტად და ეს არ გამოვა. იმიტომ, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცამ ამ ქვეყანაში უნდა თქვას სიმართლე, რა ხდება, სახალხო დამცველმა თუ არ თქვა სიმართლე, სახალხო დამცველმა თუ არ თქვა რეალურად რაც ნახა, იმაზე თუ ვერ ილაპარაკა ღიად და გახსნილად, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი სახალხო დამცველის არსებობას, ხომ? - და იმის მიღმა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ჩვენ არ გვინახავს, რასაც ჩვენ ვერ გამოვიძიებდით, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
ამიტომ ძალიან უსამართლოა ის კრიტიკა, რომელიც აპარატის მიმართ და, მათ შორის, ჩემს მიმართაც არის, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული. ოღონდ არ გავაკეთეთ ერთი რამ - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა, რასაც არც არასოდეს გავაკეთებთ. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმეში, რომ არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის აღმოჩნდა უბრალოდ მიუღებელი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.





