მთავარი პროკურორი მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე შეხვედრას სთავაზობს
სამართალი

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, - ამბობენ პროკურატურაში.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.




