რიკაძის დედა თინათინ პაპასკირი: ავალიანის საქმე განხილვაშია. თუ დამძიმებული და ჯგუფური იყო, რატომ თავიდანვე არ იყო ეს კვალიფიკაცია. ახლა რატომ გადაწყვიტეს, რომ სხვა მოტანილი ვიდეოები აუცილებლად გაამყარებს და დაამძიმებს ავალიანის საქმეს
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„გიგა ავალიანის საქმე უკვე განხილვაშია, წამოგვაწიეს დამძიმება. თუ დამძიმებული იყო და თუ ჯგუფური იყო, რატომ თავიდანვე არ იყო ეს კვალიფიკაცია. ახლა რატომ გადაწყვიტეს, რომ სხვა მოტანილი ვიდეოები აუცილებლად გაამყარებს და დაამძიმებს ავალიანის საქმეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებულის, გიორგი რიკაძის დედამ თინათინ პაპასკირმა.
„ამ ვიდეოს შესახებ გავიგეთ გუშინ. საქმის მასალები გადმოგვცეს საკმაოდ გვიან და ჯერ ადვოკატებმა ვერ მოასწრეს სრულად ამ მასალის გადაკითხვა და გაცნობა. ვიდეოები ვნახეთ, თუმცა ამ ვიდეოებში საერთოდ არ ხდება და ვერ ხდება იდენტიფიცირება რომელია, ვინ არის. ვინ არიან დაზარალებულები, უშუალოდ ხელს ვინც ურტყამს. საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან მოვიდა ეს ვიდეოები, რომელი ტელეფონიდან არის ამოღებული, როდის არის გადაღებული, რომელ სეზონზე და ა.შ.
ჯერჯერობით არაფერი გვინახავს საქმის მასალებში. რა ვიდეოებიც ვნახე, მხოლოდ შემიძლია ამ ვიდეოების შესახებ გავაკეთო კომენტარი და გითხრათ, რომ იქ იდენტიფიკაცია ბავშვების, უშუალოდ ამ სამი დაკავებულის, არ ხდება“, - განაცხადა ბრალდებულის დედამ.
რაც შეეხება უშუალოდ გიგა ავალიანის საქმეს, მისი თქმით, არანაირი ხელჩართული კონფლიქტი იქ არ ყოფილა.
„ერთხელ ხელის დარტყმა მოხდა მხოლოდ ალექსანდრესგან, გიორგი უბრალოდ იღებდა, მისი ხელის დარტყმა იქ არ ჩანს იმიტომ, რომ არ ყოფილა. შემდეგ უკვე ჩანს როგორ ასულიერებენ, როგორ ეუბნება ჩემი შვილი ალექსანდრეს, რომ ფეხები ააწევინე, ცდილობენ მის მოსულიერებას. შემდეგ უკვე ეძახიან დასახმარებლად სხვა ადამიანებს.
გავეცნობით და გავიგებთ სხვა ვიდეოები საიდან მოვიდა. რაც ბრალი დაამძიმეს, ადვოკატების რჩევიდან გამომდინარე, გიორგი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარისგან. ჯერ გავეცნობით მასალას“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა სამართლებრივ ბრძოლას, მისი თქმით, „აუცილებლად“.
„გიგა ავალიანის საქმე უკვე განხილვაშია. წამოგვაწიეს დამძიმება. თუ დამძიმებული იყო და თუ ჯგუფური იყო, რატომ თავიდანვე არ იყო ეს კვალიფიკაცია. ახლა რატომ გადაწყვიტეს, რომ სხვა მოტანილი ვიდეოები აუცილებლად გაამყარებს და დაამძიმებს ავალიანის საქმეს, რომელიც უკვე განხილვაშია. ცვლიან და ცდილობენ გაერთიანებას. ვერ ვხვდებით რომელი კანონით და რომელი მუხლით აკეთებენ ამ ყველაფერს. ამის პრეცედენტი არ ყოფილა. ადვოკატები თვითონ არიან გაოგნებულები და გაკვირვებულები. ჯერ ვერ ვიგებთ რასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად გასაჩივრდება. წავა სტრასბურგამდე ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა თინათინ პაპასკირმა.




