ნინო არღვლიანი
სასამართლომ ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულს თბილისის მერიის ყოფილს თანამშრომელს ოთარ აბესაძეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატებმა კი გირაოს სახით 15 ათასი ლარი მოითხოვეს. ბრალდების განცხადებით, დაკავებული არის საჯარო მოხელე და არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, ამიტომ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.
"დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა დანაშაულში მასთან ერთად სხვა პირებიც არიან ჩართული," განაცხადა პროცესზე პროკურორმა.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.





