სამეგრელოს პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი
სამართალი

ფოტო: Shutterstock
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლე გაგუდა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





