თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ დასახელებულ ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება
სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილი
ფოტო: Facebook
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ დასახელებულ ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება. როგორც მათი ინტერესების დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი ამბობს, იმას გარდა, რომ საქმე სწრაფად დაიხურა, ის თავიდანვე არასწორად წარიმართა, კერძოდ, გამოძიებამ არ იმუშავა მკვლელობის ვერსიაზე.
„როდესაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამბობს, რომ აქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომ პროკურატურა ცხადად და ნათლად ვერ ასაბუთებს გარკვეულ ფაქტებს, არ შეიძლებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე საქმის შეწყვეტა. გახმაურებულ საქმეზე ასე დაჩქარებულ რეჟიმში გამოძიების შეწყვეტა მიზანიმართული ქმედებაა. პროკურატურა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ამ საქმისგან“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.





