რა კავშირი იკვეთება გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების გეგმას და სააკაშვილის, ადეიშვილისა და გვარამიას პოლიტიკურ მიზნებს შორის
სამართალი

ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Youtube
გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდირების ახალ ვერსიაზე, უკრაინული ახალი ამბების ჟურნალისტები საუბრობენ.
„იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, უკრაინული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 11 თებერვალს საქართველოდან მათ ორი პიროვნება დაუკავშირდა, რომლებმაც გიორგი გაბუნიას, როგორც ახალი პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაცია სთხოვეს, მასთან საკონტაქტო პირად კი, ელისო კილაძე დაასახელეს. როგორც უკრაინელი ჟურნალისტები ამბობენ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა ცხადყო, რომ მათთვის დავალებულ პიარკამპანიასა და დაგეგმილ სავარაუდო დანაშაულს შორის, კავშირი არსებობს.
„რადგან სამი კვირის განმავლობაში თავად (გაბუნია) არ გამოვიდა კონტაქტზე, შედეგად მთელი ამ მედიაპროექტის კურატორად და გაბუნიასთან შუამავლად საკონტაქტო პირად დაინიშნა ელისო კილაძე. ერთიანი შაბლონი გვქონდა, რომლის მიხედვითაც უნდა აგვეღო ინტერვიუები მისგან, გაემართა შეხვედრები ახალგაზრდობასთან, რომლებიც გამოხატავდნენ მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან ასეთი რადიკალური განცხადებები გააკეთა რუსეთის ლიდერის მისამართით“, - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ დირექტორმა ოლეგ დეინეკამ.
ხმაურიანი განცხადებების ავტორთან კომუნიკაციას და ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი. ელისო კილაძის თქმით, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს რა სქემაზეა საუბარი და არც ის იცის, აქვს თუ არა გიორგი გაბუნიას პოლიტიკური გეგმები.
„ადამიანურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ მთელი ეს ამბავი, გახლავთ, რომ გიორგი გაბუნია ანტიპუტინური მოძრაობის ლიდერი უნდა გამხდარიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს სცენარი უკრაინაში დაიწერა, ჩემთვის უცნობმა უკრაინელმა დიპლომატებმა მე წარმადგინეს აი ამ მოძრაობის სპიკერის პოსტზე, შემდეგ გიორგი გაბუნია უნდა მოეკლათ და მე უნდა გამეგრძელებინა სავარაუდოდ რევოლუციური სცენა. თუ უფრო სერიოზულად შევხედავთ ამ საკითხს, მე რასაკვირველია სიამოვნებით ვიქნებოდი ანტიპუტინური ორგანიზაციის სპიკერი, თუკი ასეთი მოძრაობა იარსებებდა, მაგრამ ასეთი მოძრაობა არ არსებობს. გიორგი გაბუნიას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კიევში ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი, სააკაშვილის ახლო და გარე გარემოცვასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია და არ მაქვს და შესაბამისად ეს სცენარი ჩემთვის უცნობია.
რომ ვიცოდე კონკრეტულად იმ ადამიანების ვინაობა, ვისი მხრიდან იქნა ჩემი სახელი და გვარი ამ სცენარში ნახსენები, ჩემთვის უფრო იოლი იქნება კომენტარის გაკეთება. თუ მე ამ სცენარში შერჩეული ვარ იმ ნიშნით, რომ ჩემი ქვეყნის მომავალს ვხედავ დასავლეთში და ვხედავ დიახ, ნატოში, მაშინ სწორად ვარ შერჩეული. თუმცა ასეთი მოძრაობა რეალურად არ არსებობს“, - აღნიშნა ელისო კილაძემ.
უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.





