რ2: სტრასბურგის მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკაა
სამართალი

ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. წოწორიას ძმის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან.
ნონა წოწორია 2008 წლის თებერვალში, საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ევროპული სასამართლოს მოსამართლეა. ამ პოზიციაზე მას ვადა წელს ეწურება. თუმცა თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ საქართველო ევროსასამართლოს მოსამართლეობის ახალ კანდიდატებს არ წარუდგენს. მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შერჩევის პროცესი თბილისში გაჭიანურდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ამრჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სია (ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი) 24 იანვარს ჩააგდო. სია თავიდან არის წარსადგენი.
მოსამართლეების ახალი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი საქართველოში დღესაც მიმდინარეობს.
ნონა წოწორია 2004-2008 წლებში ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. სტრასბურგის სასამართლოში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის ოპონენტები ადგილზე ნონა წოწორიას კავშირებს და გავლენასაც უკავშირებდნენ.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, "რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ნონა წოწორია ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილავდა სტრასბურგის სასამართლოში შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სარჩელს. ევროპის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად ცნო, თუმცა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კითხვებს ბადებდა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ფაქტი.




