სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
სამართალი

არქივი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 93 კაფსულა ე.წ. ლირიკა, „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 აბი „ტრამადოლი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.





