პროკურატურამ დაადასტურა, რომ გვარამიასთვის 80 000 ლარის გირაოს ითხოვს
სამართალი

პროკურატურა
ფოტო: არქივი
პროკურატურა ადასტურებს, რომ რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიან გირაოს მოითხოვს. ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიებამ შეისწვლა ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა და მისი შემოსავლები შესწავლილია, რის საფუძველზეც უწყებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს ნიკა გვარამიასთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვას გამოძიების ინფორმირების გარეშე.
რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, რომ ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურორმა თქვა, რომ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ ბრალდებულის ქცევას დაელოდებიან.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.
პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.
ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.
„რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერმედიის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა.
გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.





