საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
სამართალი

ფოტო: პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს ქალაქ თელავში ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულისთვის სიცოცხლის შენარჩუნება დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.




